სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ახალციხეში პროექტის ,,ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" განხორციელება დაიწყო. პროექტი სტუდენტებზეა გათვლილი და მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებასა და ადგილობრივი თვითმართველობის მუშაობაში ჩართვას.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მოამზადებენ ტექსტურ ან ვიდეობლოგებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ახალციხისათვის სასარგებლო ინიციატივები, შემდეგ ეტაპზე გაიმართება დისკუსია ქალაქის მერობის კანდიდატებსა და ახალგაზრდებს შორის, სადაც ამ უკანასკნელთ თავიანთი ხედვების დასაბუთების საშუალება მიეცემათ. ბლოგერებს დახმარებას და მომსახურებას ადგილობრივი გაზეთი ,,სამხრეთის კარიბჭე" გაუწევს.
პროექტს „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი საქართველოს ხუთ ქალაქში ახორციელებს. პროექტი დასრულდება საერთო კონკურსით, რომელშიც ყველა გამოქვეყნებული ბლოგი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.