თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის მერობის კანდიდატებს მიმართავს და „ბაღების საქმესთან" დაკავშირებით, მკაფიო პოზიციის გამოხატვას მოითხოვს. „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, „საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმისწარმოება, რომელმაც მაღალი თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი უნდა დაადგინოს. საქმე ეხება თბილისის მთავრობის 2007 წლის აგვისტოში მიღებულ დადგენილებას, რომლის საფუძველზე დედაქალაქში დაიწყო ბაგა–ბაღების ოპტიმიზაციის პროცესი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჩამოყალიბდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და მერიის გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედი ბაგა–ბაღების გამგეები, განსაზღვრული ვადით, დაინიშნენ თავისივე ბაგა–ბაღების დირექტორებად. დედაქალაქის მთავრობამ დაპირება არ შეასრულა, რომლის საფუძველზეც, დირექტორებს შრომითი ხელშეკრულებები უნდა გაფორმებოდათ. პირიქით, მერიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამოაცხადა დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, მაშინ, როდესაც დედაქალაქში, არც ერთი ბაგა–ბაღის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური არ ყოფილა".
წყარო: www.barristers.ge