თბილისი. კამპანიის „ეს შენ გეხებას" ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ბლოგპოსტი: „დაისაჯა თუ არა ვინმე სხვისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისთვის?".
„... გვსურს მივმართოთ ყველა თანამდებობის პირს, მათ შორის იმ დეპუტატებს, რომლებიც ადრე საკუთარი სურვილით იცავდნენ ადამიანის უფლებებს და დღეს იგივეს გაკეთება მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს: ხელისუფლებაში მყოფ პირს ადამიანის უფლებათა დასაცავად ბევრად უფრო მძლავრი ბერკეტები გააჩნია. გაზრდილ უფლებამოსილებას მომეტებული პასუხისმგებლობაც ახლავს. ცხადია, საინტერესოა დისკუსია იმის შესახებ, თუ სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებას შორის. მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ბევრად უფრო პრიორიტეტულია ათასობით უკანონო ჩანაწერის შემქმნელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და იმ კანონპროექტის სრულად (შეცვლილ დებულებათა ჩათვლით) მხარდაჭერა, რომლის პლენარულ სესიაზე 1 კვირის წინ განსახილველად საჭირო ქვორუმი არ აღმოჩნდა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: esshengexeba.ge