სამცხე–ჯავახეთი. 25-26 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საარჩევნო კამპანიის პირველადი მენეჯმენტი ქალი კანდიდატებისათვის” ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის იყო განკუთვნილი. ტრენინგი ჩაატარა ასოციაციამ „ქალი და განვითარება", პროექტის „ქალთა გაძლიერება თანასწორი მონაწილეობისათვის" ფარგლებში. პროექტის სამიზნე რეგიონები სამცხე–ჯავახეთი და შიდა ქართლია. პროექტს წინ უძღოდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამ რეგიონებში, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროცესებში ქალების დაბალი ჩართულობაა.
ორდღიანი სწავლების პირველი დღე თეორიულ ნაწილს დაეთმო, მეორე დღეს კი ქალმა კანდიდატებმა ამომრჩეველების წინაშე წარდგომის მეთოდები და ხერხები შეისწავლეს. სამცხე–ჯავახეთიდან პროექტში, ახალციხის გარდა, ახალქალაქი და ნინოწმინდაა ჩართული. დაგეგმილია გასვლითი, საინფორმაციო შეხვედრები სომხურ თემებში: რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება საარჩევნო პროცესებისა და საკუთარი უფლებების მიმართ.
პროექტი „ქალთა გაძლიერება თანასწორი მონაწილეობისათვის", რომელიც საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერაა დაფინანსებული, 16 მაისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.