იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში შედგა, სადაც საუბარი წარიმართა იმ პროექტებზე, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს. საიას ქუთაისის ფილიალმა სტუდენტებს შესთავაზა რამდენიმე პროექტი, როგორიცაა თანაშემწის პროგრამა იურიდიული დახმარების ცენტრში, სემინარების პროგრამა, რომელიც სწავლების ფასიან კურსს მოიცავს და დებატ-კლუბის პროგრამა.
ღია კარის დღეზე სტუდენტთა დაინტერესება დებატ-კლუბის პროგრამამ გამოიწვია. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ დებატების და კამათის კულტურა. ასევე პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს შეიძინონ იურისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.