შიდა ქართლი. 10 და 11 ოქტომბერს საზოგადოება „ბილიკში" „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში გორის და გორის რაიონის სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადვოკატირება – სოციალური ცვლილებების საფუძველი".
ტრენინგის პირველი დღე თეორიულ ნაწილს დაეთმო, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ადვოკატირების არსი და მიზნები, ეფექტური ადვოკატირების კამპანია და მისი ეტაპები, ადვოკატირების სახეები, ადვოკატირების შედეგების მართვა და მონიტორინგი.
ტრენინგის მეორე დღეს მოეწყო ჯგუფური მუშაობა, მონაწილეებმა აირჩიეს მათთვის აქტუალური პრობლემა და იმსჯელეს მისი გადაწყვეტის გზებზე, მოსწავლეებმა განიხილეს სკოლის და თემის პრობლემები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სკოლის 22 მოზარდმა. ორგანიზაცია გეგმავს ამავე ტრენინგის ჩატარებას ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის.