თბილისი. არასამთავორობო ორგანიზაციებმა სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელეს. ორგანიზაციების ჯგუფი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში სწავლობდა 2014 წლის 19 ივლისს თბილისის „სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს. „პირველადი ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ...მიგვაჩნია, რომ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ ყოველმხრივი გამოძიება საქმეზე და მათ შორის გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა გამოვლენილ ჯგუფურ ძალადობაზე. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს უზრუნველყონ დროული გამოძიების ჩატარება და მისი შედეგების გასაჯაროება”, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
წყარო: gdi.ge