შიდა ქართლი. საზოგადოება "ბილიკი" ახორციელებს "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას", (USAID/PH international) რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობს შიდა ქართლის 55 საჯარო სკოლასთან. მათ შორის 32 სკოლაში შექმნილია სასკოლო სამოქალაქო კლუბები, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო ინიციატივებს და პროექტებს ახორციელებენ სკოლის, თემის საკეთილდღეოდ.
17 ოქტომბერს სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სურამის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „ჩვენ" საქველმოქმედო აქციის ჩატარება გადაწყვიტა. კლუბის ლიდერებმა წერილით მიმართეს სკოლის სამეურვეო საბჭოს და ნებართვა თხოვეს, რათა სკოლაში მოეწყოთ მოსწავლეთა მიერ დამზადებული კულინარიული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლის პარალელურად სკოლის სააქტო დარბაზში ფილმის ჩვენებაც მოეწყო, სადაც დასწრების მსურველებმა სიმბოლური ფასით ბილეთებიც შეიძინეს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით კლუბის წევრებმა საჩუქრები იყიდეს: ბურთები და ბადმინტონები დევნილი ბავშვებისათვის, ხოლო საკანცელარიო ნივთები საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის.