სამცხე–ჯავახეთი. 22 ოქტომბერს ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში პროექტის „დემოკრატია იწყება შენით" ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
ეროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,დემოკრატია იწყება შენით" დაიწყო 2009 წლის 1 ნოემბერს და ხორციელდება კონრად ადენაუერის და ედუარდო ფრაის ფონდების, ასევე ბაქოს, თბილისისა და ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლების მიერ. პროექტი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონების და უმცირესობებით დასახლებული რაიონების ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობას.
თითოეული ქვეყნიდან 20 სკოლაა შერჩეული. სამცხე–ჯავახეთიდან პროექტში სამი სკოლაა ჩართული: ახალციხის პირველი და მესამე და ასპინძის პირველი საჯარო სკოლები.
ოთხი დღის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომლებიც მოიცავს დისკუსიებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე, ვიდეო ფილმების ჩვენებას, სიმულაციურ თამაშებს.
პროექტის დასასრულს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის სკოლების გამარჯვებული მოსწავლეები თბილისში შეიკრიბებიან. საბოლოოდ 5 მონაწილე ბელგიაში გაემგზავრება.