გურია. 24 ოქტომბერს ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბის სააქტო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია, რომელზეც ამ ორგანიზაციის წევრებმა წარადგინეს მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.
გურიის საჯარო სკოლებში წყლისა და სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგის პროცესი 2011 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 30 ივლისამდე მიმდინარეობდა და მის განხორციელებაში ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" ერთად ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.
მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში რეკომენდირებულ სააღმზრდელო ნორმებსა და სტანდარტებს გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში არსებული სველი წერტილების (წყლის ონკანები და ტუალეტები) მდგომარეობა.
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო სკოლებისა და განათლების რესურსცენტრების წარმომადგენლები.