თბილისი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო 25 ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ პროექტების გაცნობა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად ახორციელებენ, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა, რომლებშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრისას ქალთა უფლებადამცველებმა პრეზიდენტს ის ძირითადი პრობლემები გააცნეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე დგას. საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვას, ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტებს და ამ მხრივ არსებული სირთულეების დაძლევას. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს რეგიონებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრების მნიშვნელობასა და სხვადასხვა კამპანიის წარმოების აუცილებლობაზე.
წყარო: ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ვებგვერდი სოციალურ ქსელში