აჭარა. 19 ოქტომბერს, ბათუმში, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის თემაზე გამოფენა-ინსტალაცია გაიმართა. „საკუთარი სუფრა" - ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები ორიგინალური ფორმითაა გადმოცემული. თამუნა ჭაბაშვილისა და აგნეშკა დუდრაკის გამოფენა ბათუმელი დამთვალიერებელისთვის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის – „ობიექტი 8"-ის ჩვენება გაიმართა. ფილმში საქართველოში მცხოვრები უსახლკარო ქალების პრობლემაა განხილული, ასევე საუბარია იმ სოციალურ პრობლემებზე, რაც საქართველოს ყველა კუთხეშია. ფილმში აქცენტი კეთდება საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, რომლებიც ძირითადად განაპირობებს არაერთი ძალადობისა და ოჯახური კონფლიქტის ფატალური შედეგით დამთავრებას. ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელშიც ბათუმელი და თბილისელი ხელოვანები, სტუდენტები და უფლებადამცველი საზოგაოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.