გურია. 26 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩიბათის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ეკოლოგიის კვირეული მოეწყო. პროგრამას ახორციელებს Ph International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია გურიაში. კვირეულის ფარგლებში ჯგუფმა იმუშავა გარემოს დაცვის საკითხებზე. დასკვნით ღონისძიებაზე კვირეულის ფარგლებში შექმნილმა ეკოკომიტეტის ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია გარემოს დაცვის საკითხებზე, კომიტეტმა ისაუბრა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ასევე შესაძლო გამოსავლის გზებზე.
კვირეულის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები” და პროექტის ,,დავასუფთაოთ გარემო ჩვენი” რეგიონალური კოორდინატორი მანანა გოგუაძე.
კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომიტეტები მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას. როგორც კლუბის მეურვე პედადოგმა ლადო აფხაზავამ აღნიშნა, ერთი კომიტეტი იმუშავებს გარემოს დაცვის საკითხებზე, მოიძიებს და დაამუშავებს ინფორმაციას ამ კუთხით, მეორე კომიტეტი შეასრულებს თვითმმართველობის ფუნქციას, ხოლო მესამე კომიტეტის იმუშავებს სათემო საკითხებზე, დაესწრება მუნიციპალიტეტის შეხვედრებს და იქ მოახდენს გარემოს დაცვის საკითხების ლობირებას. ღონისძიებაში დაახლოებით 40 ადამიანი მონაწილეობდა.