მთავარი გვერდი
სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ცვლილებები ასევე შეეხო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირების ფილიალებს. შესაბამისად, მათ მოუწვეს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სულ ცოტა ელექტრონული მისამართის შექმნის სახით, კერძოდ:
- ელექტრონული მისამართის შექმნა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განისაზღვრა ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე. ელექტრონული პორტალი შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან - ელექტრონული მისამართისგან. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა სუბიექტი, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, ვალდებულია მიმართოს რეესტრს პორტალზე რეგისტრაციისა ელექტრონული მისამართის აქტივაციისთვის და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მოუწევთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონის ახალ მოთხოვნებთან შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და ფაქტობრივი მონაცემების რეესტრის მონაცემებში ასახვა იმ ნაწილში რაც მათ ეხებათ. ეს ცვლილებები გულისხმობს სახელწოდების ახალ სტანდარტებს, იურიდიულ მისამართის განსაზღვრებას და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების ვადას, კერძოდ:
- სახელწოდება - ა(ა)იპ-ის და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალის სახელწოდების განსაზღვრისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად, დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები (მაგალითად: დაუშვებელია სახელწოდებაში გამოყენებული იქნეს ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას. დეტალურად იხილეთ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი). შესაბამისად, თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის სახელწოდება არ აკმაყოფილებს კანონის ახალ მოთხოვნებს, სუბიექტი ვალდებულია იგი შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ მოთხოვნებთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები;
- ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ვადა - ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები). ხოლო ახალი წესის თანახმად, ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. შესაბამისად, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ამაზე მეტ ვადას, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში იქნება მოსაყვანი კანონის ახალ მოთხოვნებთან;
- იურიდიული მისამართი - ა(ა)იპ-ის რეგისტრაციისას გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლის მიხედვითაც სუბიექტის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება. შესაბამისად, ვინაიდან ახალი კანონით დადგინდა, რომ სუბიექტის იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია საქართველოს ტერიტორიაზე, სუბიექტის იურიდიული მისამართი უნდა განისაზღვროს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ან უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდეს, რომ სუბიექტის უკვე რეგისტრირებული იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია.