საქართველოს უზენაეს სასამართლო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა აცხადებს კონკურსს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის „შეჯიბრებითობის პრინციპი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში” თემაზე საუკეთესო ტელე, რადიო, ინტერნეტ და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად.
სასამართლოში საქმის განხილვა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე გულისხმობს, რომ მხარეები როგორც მტკიცებულებათა მოპოვებისას, ასევე მათი სასამართლოში გამოკვლევის დროს თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. მხარეებს ეკისრებათ როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი მტკიცების ტვირთი და სასამართლოც გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სადაც საბოლოო შედეგი დამოკიდებულია მხარის მიერ საკუთარი პოზიციის კარგად დასაბუთებულობასა და მტკიცებულებებით დადასტურებაზე. სასამართლოს ეზღუდება მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით მოპოვება. გამომდინარე აქედან, სასამართლოში წარმატების აუცილებელი პირობა მხარის პროფესიონალიზმი და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უტყუარობაა.
ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე, რადიო, ინტერნეტ ან საგაზეთო სიუჟეტის/სტატიის მომზადება და მისი ცენტრალურ ან რაიონულ ტელე- ან რადიომაუწყებელში, გაზეთში ან ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნება 2012 წლის 10 მაისიდან 11 ივნისამდე პერიოდში.
მასალის კონკურსზე წარდგენის პირობები:
- ტელე- ან რადიოსიუჟეტი წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულ მატარებელზე (CD ან DVD). მასალასთან ერთად უნდა მიეთოთოს სიუჟეტის ეთერში გასვლის თარიღი და დრო, ასევე ის ტელე- ან რადიომაუწყებელი და გადაცემა, რომლის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი.
- ბეჭდვითი მედიის ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს იმ გაზეთის ან ჟურნალის ასლი, რომელშიც გამოქვეყნდა საკონკურსო მასალა.
- ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს ბმული, სადაც განთავსებულია მასალა და ასევე წარმოადგინოს მასალის ამობეჭდილი ვერსია.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 11 ივნისი.
წარდგენილი მასალების შეფასების კრიტერიუმები:
- ინფორმაციის სიზუსტე და სარგებლიანობა,
- გადმოცემის სტილი და ენობრივი გამართულობა,
- ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.
პრიზი:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება I, II და III ადგილის მფლობელი ჟურნალისტები, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს: I ადგილი - 900 ლარი, II ადგილი - 700 ლარი, III ადგილი - 500 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მისამართზე:
გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა
დანიშნულება: კონკურსი ჟურნალისტებისთვის
ელენე ახვლედიანის აღმართი 4
0103 თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
საკონტაქტო პირი თორნიკე დარჯანია
ტელ.: 220 18 21