სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამართლიანი არჩევნები საქართველოსთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია თანასწორი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესების მონიტორინგის, საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა განათლების წახალისების გზით.
საგრანტო კონკურსის მიზანია მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (პანკისის ხეობა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, მთიანი აჭარა ან მცხეთა-მთიანეთი) ამომრჩეველთა და სამოქალაქო განათლების ინიციატივების მხარდაჭერა.
პროექტი ითვალისწინებს მაქსიმუმ 2500 ევროს ოდენობით 2 მცირე გრანტის გაცემას, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარმა ორგანიზაციამ საარჩევნო პერიოდში თავის თემში უნდა ჩაატაროს ამომრჩევლის განათლების/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები, შეხვედრები, სემინარები ან სხვ.) შემდეგ თემებზე: ამომრჩეველთა უფლებები, არჩევნების დღის პროცედურები, საარჩევნო რეფორმა და მისი შედეგები, დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გზები. ორგანიზაცია თავისუფალია ადგილობრივი თემისთვის კონტექსტის და საჭიროებებისთვის შესაფერისი აქტივობების და მიდგომების არჩევაში. პროექტით გათვალისწინებულ აქტივობაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 150 მონაწილე თუკი საუბარია ტრადიციული მეთოდებით ინფორმაციის გადაცემაზე (ტრენინგი, სემინარი), ხოლო 500 მონაწილე თუკი საუბარია სხვა კრეატიული მეთოდების გამოყენებაზე. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების ვადაა 2-3 თვე.
წყარო:jobs.ge