„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან" პარტნიორობითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ჟურნალისტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება".
პროექტის მიზანია ჟურნალისტების მიერ მომზადებული პროდუქციის ხარისხის გაზრდა, რაც განაპირობებს მაყურებლისა და მკითხველისთვის ბევრად ზუსტი, კვალიფიციური და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას. პროექტი მიზნად ასევე ისახავს სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სხვა შესაბამისი მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტთათვის კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტით გათვალისწინებული სასწავლო კურსი გაგრძელდება 4 თვის მანძილზე და გაიმართება 20 ლექცია, სადაც თითოეულის ხანგრძლივობა იქნება არანაკლებ 3 საათისა. ლექციები ძირითადად ჩატარდება არასამუშაო დღეებში ან/და საათებში (რომელიც დამატებით შეთანხმდება შერჩეულ ჯგუფთან) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ოფისში, მისამართზე თბილისი, დ.გამრეკელის 2.
სალექციო კურის წარიმართება წინასწარ შედგენილი კურიკულუმის შესაბამისად, რომელიც დაფუძნებულია სწავლების იმდაგვარი მეთოდების გამოყენებაზე, რომელიც გაცილებით აღქმადს გახდის მიწოდებულ ინფორმაციას და გააადვილებს მის პრაქტიკაში გამოყენებას. სალექციო კურსზე მიმოხილული იქნება შემდეგი თემები:
- კონსტიტუციური სამართალი – კონსტიტუციის პრინციპები, სახელმწიფო მმართველობის ფორმები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ხელისუფლების შტოთა ფორმირებისა და სახელმწიფო ორგანოთა სისტემის ზოგად მიმოხილვა და სხვა.
- სისხლის სამართალი – დანაშაულის ცნება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, კანონის უკუძალა, პირის დაკავება, აღკვეთის ღონისძიების სახეები, ბრალდების ცნება, განაჩენი და სხვა.
- პენიტენციური სამართალი – სასჯელაღსრულების დაწესებულებების სახეები, პატიმრობის ცნება, მსჯავრდებულისა და ბრალდებულის ინსტიტუტი, ადმინისტრაციული პატიმრობა, დისციპლინური სასჯელები, პატიმართა ნორმატივები, მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სხვა.
- ადმინისტრაციული სამართალი – ადმინისტრაციული ორგანოები, საჯარო დაწესებულებები, ადმინისტრაციული წარმოება, დაინტერესებული მხარე, ადმინისტრაციული საჩივარი, ზიანის ანაზღაურება და სხვა.
- ინფორმაციის თავისუფლება – ინფორმაციის თავისუფლების ცნება, საჯარო ინფორმაციის ცნება და მისი ღიაობა; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლო ინფორმაცია; ინფორმაციის მიღების საშუალებები და ფორმა, სასამართლო პრაქტიკა.
- სამოქალაქო სამართალი – პატივი და ღირსება, სახელის უფლება, უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, ფიზიკური და იურიდიული პირები, საავტორო და მომიჯნავე უფლებები და ა.შ.
- სამეწარმეო სამართალი – სამეწარმეო იურიდიული პირები, მათი რეგისტრაციის წესი, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის მოპოვება პასუხისმგებელი პირების შესახებ და სხვა.
- საგადასახადო სამართალი – გადასახადების ადმინისტრირება, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადები, გადასახადების სახეები, პასუხისმგებლობა და სხვა.
- ადამიანის უფლებათა სამართალი – ზოგადი პრინციპები და კონკრეტული თემები: სამართლიანი სასამართლო, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და სიძულვილის ენა, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატიცისცემის უფლება, რელიგიის თავისუფლება, საკუთრების უფლება და სხვა.
- ბავშვის უფლებები – ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართლით და შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტები; მშობელთა მოვალეობა შვილების მიმართ და სხვა.
- ოჯახური ძალადობა – ოჯახური ძალადობის ცნება, სახეები, დაცვის მექანიზმები, შემაკავებელი და დამცავი ორდერი, სამართალდამცავლი ორგანოების როლი და სხვა.
- ჯანდაცვა და პაციენტის უფლებები – პაციენტის უფლებათა ზოგადი მიმოხილვა, ინფორმირებული თანხმობა, კონფიდენციალობა და პირადი საიდუმლოების დაცვა და სხვა.
გარდა თეორიული ასპექტებისა, კურსის მსვლელობისას ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალისტთაგან მიიღონ კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. კურსის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მიიღებენ სათანადო სერთიფიკატებს.
სასწავლო კურსის გავლას შეძლებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული 18 აპლიკანტი (პრაქტიკოსი ჟურნალისტი).სასწავლოს კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, რომელშიც აუცილებლად უნდა მიუთითონ მათ მიერ უკანასკნელ პერიოდში შესაბამის თემატიკაზე მომზადებული 5 სტატია ან სიუჟეტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 აგვისტო 2013 წელი, 23:59
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ: education@gdi.ge
წყარო: gdi.ge