ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო აცხადებს კონკურსს რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის მიზანი: სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.
პროგრამის ამოცანები:
** ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარებას;
** ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონული ქსელის განვითარებას.
კონკურსის პირობები:
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1978-1991 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული უმაღლესი განათლება, არიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი მაცხოვრებლები. სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა. პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც თემატურ სიახლეს, ზეპირი ისტორიის, სოციოლოგიური და თვისობრივი კვლევის ინოვაციურ მეთოდებს გვთავაზობენ.
ფონდი აფინანსებს აკადემიურ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:
** სახელმწიფო და საზოგადოება: სოციალური სტრუქტურები, პოლიტიკური კულტურა და ინსტიტუტები;
** ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები: კოლექტიური და ინდივიდუალური მეხსიერება - განსხვავებული ხედვები;
** უთანასწორობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები: მარგინალობის განმსაზღვრელი ფაქტორები;
** ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები: ადაპტაციისა და ინტეგრაციის ფორმები;
** სოციალური სქესის მიმართ მგრძნობელობა და გენდერული როლები პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში;
** საბჭოთა წარსულის გააზრება: მაკრო და მიკროისტორია;
** ურბანული განვითარების პოლიტიკური და სოციალური ასპექტები;
** გარემო და განვითარება: კონსერვაციისა და ტრანსფორმაციის პრობლემები;
** მიგრაცია: სტრუქტურებისა და ტენდენციების მრავალფეროვნება.
შენიშვნა: მოცემული ჩამონათვალი ის ზოგადი სფეროებია, რომლებსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აპლიკანტებს ინდივიდუალური კვლევებისთვის სთავაზობს. ფონდი მოუწოდებს აპლიკანტებს მოცემული სფეროების ჩარჩოში ვიწრო და ფოკუსირებული კვლევითი პროექტები წარმოადგინონ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ კვლევითი პროექტები, რომლებიც არ ჯდებიან ზემოთ ჩამოთვლილი კვლევითი სფეროების ფარგლებში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა და მოცულობა:
სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება თორმეტი თვით (01.01.2014 - 31.12.2014). სტიპენდიის მოცულობა ყოველთვიურად 250.00 ევროს შეადგენს. პროგრამა, ასევე, მოიცავს ფონდის მიერ ორგანიზებულ თანმდევ სემინარებს, საზაფხულო სკოლას და პუბლიკაციებით მხარდაჭერას.
ზოგადი მითითებები:
** სტიპენდია წარმოადგენს ინდივიდუალურ დახმარებას და არ შეიძლება გამოიყენებოდეს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სხვა პროექტების დასაფინანსებლად.
** არ არის სავალდებულო სამეცნიერო ხარისხის ქონა ან სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობა.
საკონკურსო განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 ოქტომბრის 18:00 სთ.
განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ საბუთებს:
** თავფურცელი შემდეგი მონაცემების მითითებით: სახელი და გვარი; დაბადების წელი; ქვეყანა; სამეცნიერო დისციპლინა; საკონკურსო თემა; კვლევის სათაური (საკონკურსო თემა და კვლევის სათაურის ფორმულირება არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს)
** განაცხადის ანკეტა (ჩამოტვირთეთ ინგლისური/რუსული ვერსია ვებ-გვერდიდან http://www.ge.boell.org).
** ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV).
** ესსე (5-8 გვერდის მოცულობით), რომელიც უნდა შეიცავდეს პროფესიულ და პირად მოტივაციას: 1. რატომ მაინტერესებს ეს თემა; 2. რა ვიცი თემის შესახებ; 3. რა მეთოდებით ვაპირებ თემის კვლევას; 4. წლიური სამუშაო გეგმა.
** სამეცნიერო დაწესებულების მიერ ან აპლიკანტის ამჟამინდელი სამსახურიდან ხელმძღვანელი პირის მიერ წარმოდგენილი ორი სარეკომენდაციო წერილი (რა კონკრეტულ გამოცდილებას ან სამეცნიერო ნაშრომს ეფუძნება რეკომენდატორი აპლიკანტთან მიმართებაში).
** უმაღლესი განათლების (ბაკალავრის, მაგისტრის ან 5-წლიანი სწავლების) დიპლომი ნიშნების ფურცლებითურთ.
** არჩევითია: სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი და მათი ასლები (მაქსიმუმ 20 გვერდი).
ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები (სამეცნიერო ნაშრომთა ასლების გარდა) წარმოდგენილ უნდა იქნას ინგლისურ ან რუსულ ენაზე, 3 ეგზემპლარად; აგრეთვე, დისკზე ჩაწერილი ელექტრონული სახით (2 ეგზ.). არასრული, დაგვიანებული ან ელექტრონული ფოსტით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
საკონკურსო განაცხადი გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
ზოვრეთის ქ. 38, თბილისი, 0160
ვებ-გვერდი: http://www.ge.boell.org
წყარო:jobs.ge