en
ge

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2022 წლის მწვანე აკადემიაში

მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომელიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში იქცა პოლიტიკის, სოციო-ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების გადააზრების სივრცედ, სადაც ახალგაზრდებს ახალი ცოდნის მიღების და კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ.

მწვანე აკადემიის 2022 წლის საზაფხულო სკოლა ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გააქტიურებულ საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ დებატებს გეოპოლიტიკური რყევების, მილიტარიზმის, იმპერიალიზმის, კონფლიქტების და ქვეყნების სუვერენიტეტის შესახებ. 

სკოლის წლევანდელი პროგრამა  ქვეყნის და რეგიონის უახლესი ისტორიის შუქზე გაყვება საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიას  და მონიშნავს საქართველოსთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მოვლენებს.  პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა თანამედროვე მწვანე მოძრაობების და მათ მიერ მიღწეული შედეგების განხილვას და მწვავე გარემოსდაცვით პრობლემებზე მსჯელობას. 

წლევანდელ მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ექსპერტებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად ველზე იმუშაონ და გამოსცადონ წინა დღეებში სოციალური და ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის გარშემო გაჟღერებული მოსაზრებები.

მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა  საქართველოდან და ევროპის ქვეყნებიდან არაერთ მეცნიერს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელსა და პოლიტიკოსს უმასპინძლებს.

მწვანე აკადემიის მონაწილეებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი საშუალებას მისცემს გააგრძელონ ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე მუშაობა მცირე კვლევების ან პროექტების განხორციელების გზით.

2022 წლის მწვანე აკადემია 23 -28 ივლისს ბორჯომში გაიმართება.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები:

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 20-დან 32 წლამდე ახალგაზრდებს.

სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

წყარო: ge.boell.org