en
ge

კონკურსი "სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისათვის" - შემოდგომა 2013

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: PH International - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 26.10.2013
  • ბმული: http://civics.ge/index.php?m=839
PH International - საქართველო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს, რომლის მიზანია გამოავლინოს მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების თემებზე შექმნილი საუკეთესო ბლოგები.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ არ მოუპოვებიათ გამარჯვება პროგრამის ბლოგების კონკურსში (პარტნიორი სკოლების ჩამონათვალი იხილეთ ლინკზე );
ერთ კონკურსანტს შეუძლია კონკურსის მაქსიმუმ 2 სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობა;
კონკურსში მონაწილე ბლოგში ყველაზე ძველი პოსტი არ უნდა იყოს განთავსებული 2011 წლის სექტემბერზე უფრო ადრე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასევე ამ კონკურსის სარეგისტრაციო პერიოდში შექმნილი ბლოგების ავტორებს;
ავტორის მიერ განთავსებული ჩანაწერები გაკეთებული უნდა იყოს ქართული შრიფტით;
ბლოგზე აუცილებლად უნდა იყოს გააქტიურებული ვიზიტორების მრიცხველი;
ბლოგზე უნდა არსებობდეს ცალკე სექცია „ჩვენს შესახებ”, რომელშიც განმარტებული იქნება ბლოგის მიზნები და მითითებული იქნება იმ ადამიანის ან ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ამ ბლოგზე მუშაობენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2013 წლის 27 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, ამისათვის დააჭირეთ ღილაკს „დარეგისტრირდი" . გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2013 წლის ნოემბრის ბოლოს. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გამარჯვებულები და დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულ ბლოგს ჰყავს ერთზე მეტი ავტორი, მაშინ 1 პრიზი გადაეცემა ავტორთა ჯგუფს.
კონკურსის ნომინაციები:
1. ახალგაზრდა ომბუდსმენი
2. ახალგაზრდა მოხალისე
3. ახალგაზრდა განმანათლებელი
4. ბუნების დამცველი
5. მოქალაქე ჟურნალისტი
6. ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი
7. სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი
როგორ ამოარჩიოთ შესაბამისი ნომინაცია:
სანამ შეავსებთ სარეგისტრაციო ფორმას კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას და სწორად განსაზღვრეთ, თუ რომელ ნომინაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა:
ახალგაზრდა ომბუდსმენი (ადამიანის უფლებათა დამცველი)
ნომინაციაში ახალგაზრდა ომბუდსმენი ის ბლოგი მოიაზრება, რომლის ავტორიც, უფლებათა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იღრმავებს და სხვებს უზიარებს საკუთარ ცოდნას. მის ბლოგზე მიმდინარეობს მსჯელობა ადამიანის უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ასეთ ბლოგებზე შუქდება ადამიანის უფლებების დარღვევის, ნაკისრი პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების შეუსრულებლობა. მსგავსი ბლოგების ავტორები საუბრობენ საკუთარ შეხედულებებსა და პოზიციებზე ამა თუ იმ კანონთან მიმართებაში და კანონით განსაზღვრულ მექანიზმებზე სხვადახვა მოვლენაზე რეაგირების მიზნით.
ახალგაზრდა მოხალისე
თუ თქვენ ზრუნავთ სხვებზე და თქვენს მიერ განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ ბლოგის მეშვეობით ინფორმაციას უზიარებთ სხვებს, მიზნად გაქვთ დასახული გააძლიეროთ მოხალისეობა და შემოიერთოთ უფრო მეტი ადამიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში, ამ შემთხვევაში თქვენი ბლოგი ნომინაციაში ახალგაზრდა მოხალისე მოიაზრება. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ბლოგი ნათლად უნდა ასახავდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო ღონისძიებების შედეგებს.
მოქალაქე ჟურნალისტი
ჩვენ ყოველდღიურად მომსწრენი ვართ ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენებისა, რომლებსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ ხანდახან მნიშვნელოვანი საკითხები ყველასგან შეუმჩნევლად ჩაივლის. ამ ნომინაციაში მოიაზრება ის ბლოგი, რომლის მეშვეობითაც ავტორი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს. ამავე ბლოგში უნდა მოხდეს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ მკითხველთა დისკუსიის ხელშეწყობა.
ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი
ამ ნომინაციაში მოიაზრებიან ავტორები, რომლებიც ბლოგის საშუალებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახორციელებენ. მნიშვნელოვანია კარგად განსაზღვროთ, თუ რა სჭირდებათ თქვენს თანატოლებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად და შესთავაზოთ მათ სხვადასხვა გზები და საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად. ამავე ბლოგზე მიზანშეწონილი იქნება ინფორმაციის განთავსება ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროექტების შესახებ.
ბუნების დამცველი
გსურთ, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების დაცვას? გაქვთ სურვილი, რომ თქვენს ირგვლივ ადამიანები უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ ბუნების დაცვის საკითხებს? გაქვთ მოიძიებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სხვა ქვეყნებში ანალოგიურ პრობლემებზე როგორ ზრუნავს საზოგადოება ან სახელმწიფო? შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ სხვა სახელმწიფოსა და საქართველოს მაგალითებს შორის გარემოს, ფლორის, ფაუნის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. თუ გაქვთ სურვილი, რომ სხვებსაც გაუზიაროთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა ჩვენგანმა გარემო და შეგიძლიათ საინტერესო ინფორმაცია ასახოთ ბლოგზე, მაშინ თქვენი ბლოგი ბუნების დამცველის ნომინაციაში მოაზრება.
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი
თუკი თქვენი ბლოგი ერთგვარი მედია საშუალებაა, რომელზეც თქვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტივობები, ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები და დაგეგმილი ღონისძიებების ანონსები ქვეყნდება, მაშინ თქვენი ბლოგი მოიაზრება ნომინაციაში სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი. ამ შემთხვევაში თქვენს ბლოგზე ასევე აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ინფორმაციის გაცვლა და დისკუსიები სასკოლო სამოქალაქო კლუბისათვის აქტუალურ თემებზე.
ახალგაზრდა განმანათლებელი
თუ გსურთ თქვენი ცოდნა სხვას გაუზიაროთ, თუ ქმნით და ინტერნეტში აქვეყნებთ სასწავლო ვიდეორგოლებს, პრეზენტაციებს და ცდილობთ თქვენი ბლოგის საშუალებით შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებსაც თქვენსავით სურთ მიიღონ ცოდნა რომელიმე მიმართულებით (მაგ. სოციალური მედია, პროგრამირება ან თუნდაც ლიტერატურა), მაშინ თქვენი ბლოგი ახლგაზრდა განმანათლებლის ნომინაციაში მოიაზრება.
შეფასების კრიტერიუმები:
სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები კონკურსში ნომინაციების მიხედვით რეგისტრირებულ ბლოგებს სარეგისტრაციო ვადის ამოწურვიდან 1 თვის განმავლობაში დააკვირდებიან და შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით
ბლოგის მიზნის შესაბამისობა კონკურსის ნომინაციასთან;
ბლოგის დიზაინი;
ბლოგზე ავტორის მიერ განთავსებული ჩანაწერების შინაარსი, სახეობა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო, აუდიო) და ჩანაწერების პერიოდულობა;
ბლოგზე ავტორის ნააზრევის, მოსაზრებების დაფიქსირება, რაც ადასტურებს ბლოგის ავტორის პროცესში ჩართულობას;
ბლოგის მუშაობაში ჩართული ახალგაზრდების მიერ განხორციელებული პროექტებისა თუ საზოგადოებისთვის სასარგებლო სხვადასხვა საქმიანობის გაშუქება/პოპულარიზაცია;
ბლოგზე მკითხველის მიერ გაკეთებული კომენტარების შინაარსი და რაოდენობა.
რეკომენდაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის:
თქვენი ბლოგის მიზნის შესაბამისად სწორად შეარჩიეთ კონკურსის ნომინაცია და შესაბამისად დაარეგისტრირეთ ბლოგი ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ვინაიდან, ნომინაცია, ბლოგის მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად თქვენს ბლოგზე გამოჩენილი ჩანაწერების შეფასება ურთიერთდაკავშირებულია. გახსოვდეთ, რეგისტრირებული ნომინაციის და ბლოგის მიზნის შეცვლა არ შეიძლება.
შეეცადეთ არ შემოიფარგლოთ ბლოგზე მხოლოდ პოსტების წერით:
1. მოამზადეთ ინტერვიუები;
2. გადაიღეთ ვიდეო სიუჟეტები;
3. მოამზადეთ აუდიო ჩანაწერები;
4. ბლოგის საშუალებით შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და განახორციელეთ სხვადასხვა სახის აქტივობები.
გახსოვდეთ, რომ პროექტის მიზანია არა მხოლოდ წარმატებული ბლოგის შექმნა, არამედ სოციალური მედიის დახმარებით რეალური ცვლილებების განხორციელება.
თქვენი ბლოგის დიზაინი, მათ შორის ფონი, ფერები და ინფორმაციის განლაგება უნდა შეესაბამებოდეს თემატიკას. გაითვალისწინეთ, რომ მკითხველისთვის მთავარია ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია. ამიტომ შეეცადეთ რომ მკითხველს ბლოგის დათვალიერებისას არაფერმა შეუშალოს ხელი (კაშკაშა, აჭრელებულმა ფერებმა და პატარა ან ძალიან დიდი ზომის ტექსტებმა, გამოსახულებაზე დადებულმა ტექსტმა).
იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოიზიდოთ და უფრო მეტად ჩართოთ მკითხველები ბლოგზე გამართულ დისკუსიებში, უფრო საინტერესო გახადოთ თქვენი ბლოგი.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტორის მიერ სტატიებისა და ფოტო-ვიდეო მასალის გამოქვეყნებისას საავტორო უფლებების დაცვას (ასეთ მასალებზე მითითებული უნდა იყოს ავტორი და ლინკი ორიგინალზე, ნებართვის გარეშე შეიძლება მხოლოდ ისეთი მასალების განთავსება, რომლებზეც არ არსებობს შეზღუდვა, საჭიროების შემთხვევაში, ავტორისგან მოპოვებული უნდა იყოს წინასწარი ნებართვა მასალების განთავსებასთან დაკაშირებით).
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის სოციალური მედიის მენეჯერს, თამარ გელაშვილს, ელ ფოსტაზე: tamar.gelashvili@ph-int.org
წყარო:civics.ge