en
ge

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, აცხადებს უკვე ტრადიციულ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“. 2022 წელს კონკურსის თემაა: სამოქალაქო აქტივიზმი.

  კონკურსის მიზანი:
ახალგაზრდული კონკურსის - „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

  ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება: 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს: მათ შორის სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს (ასაკი 30 წლამდე). ჯგუფური განაცხადის შემთხვევაში, ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ადამიანს. მოსწავლეების შემთხვევაში თითოეულ ჯგუფს შესაძლოა ჰყავდეს ერთი კურატორ-მასწავლებელი.

  კონკურსის ფორმატი: 
კონკურსის თემაა: სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა უნდა დაგეგმონ და განახორციელონ რაიმე კამპანია, ფლეშმობი, ადვოკატირება, ვიდეორგოლი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ. ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება და ა.შ.) და სხვა.

  საკონკურსოდ წარმოსადგენი მასალა: 
საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოთ აქტივობის მოკლე ანგარიში (ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟი, ბმული და სხვა (დეტალური ინსტრუქცია იხ. საკონკურსო განაცხადის ფორმაში
https://civilin.org/wp-content/uploads/2022/09/sakonkurso_ganatskhadis_phorma_2022.docx   ).

  შეფასება:
კონკურსი ახალგაზრდებისთვის - „ეს ქვეყანა შენია“ გაიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამარჯვებულები გამოვლინდებიან რეგიონების მიხედვით. რეგიონის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით. კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

  საკონკურსო მასალების შეფასების კრიტერიუმები: 
• შესაბამისობა კონკურსის მიზანთან;
• აქტუალობა - რამდენად მნიშვნელოვანია დასმული საკითხი და რამდენად ითვალისწინებს რეგიონის/ქვეყნის კონტექსტს;
• ეფექტურობა - რამდენად სწორად და ეფექტურად მიაღწია კონკურსანტმა წინასწარ დასახულ მიზანს;
• მასშტაბი/მოცვა: რამდენად ბევრ ადამიანს შეეხო/ნახა/გააზიარა ეს აქტივობა, ან რამდენად ფართო გამოხმაურება მოყვა მას;
• კრეატიულობა - რამდენად ინოვაციურია იდეა და რამდენად ორიგინალურად არის იგი წარმოდგენილი;
• გავლენა - რამდენად არის ზეგავლენის მქონე, მამოტივირებელი, შთამაგონებელი და „აჰა“ განცდის მომგვრელი საკონკურსო აქტივობა.

  კონკურსის ვადები:
საკონკურსოდ წარმოდგენილი აქტივობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის მაისიდან - 2022 წლის ოქტომბერის ჩათვლით.
წარმოდგენილი საკონკურსო მასალა უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება განხილული.
გთხოვთ, საკონკურსო მასალა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2022 წლის 31 ოქტომბრისა შემდეგ მისამართზე: csogeorgiage@gmail.com

  პროექტის შესახებ: 
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.


პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

  საკონტაქტო პირი: 
თემურ ჯალიაშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ტელ: 599 759 724
ელ–ფოსტა: temuri@civilin.org