en
ge

მოწვევა ესპ-ის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 18.10.2013
  • ბოლო ვადა: 11.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64351/
მოწვევა განაცხადების მისაღებად: საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულების შეფასება
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს განაცხადებს საქართველოში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ესპ) სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულების შესაფასებლად. კონკურსი ცხადდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობა.
პრობლემის აღწერა:
ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. იგი გამოიხატება საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკის ჰარმონიზაციით ევროკავშირის რეგულაციებთან. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ვალდებულება აქვს ნაკისრი, რომლებიც გაწერილია ესპ-ის სამოქმედო გეგმასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივ და მრავალმხრივ საგზაო რუკებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, საქართველომ ბოლო წლების მანძილზე საგრძნობ პროგრესს მიაღწია, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი. ძალზე მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგის გზით, ქართული საზოგადოების აქტიური ჩართვა ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ჩარჩოს ფორმირებასა და მიღწეული შედეგების შეფასებაში. ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როცა მომავალი ერთი წლის მანძილზე იგეგმება ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე შეთანხმების ხელმოწერა, ანუ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე გადის.
კონკურსის მიზანი: ესპ-ის სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების შესრულების საზოგადოებრივი შეფასება.
კონკურსის ამოცანა:
კონკურსი მიმართულია საქართველოს 2013 წ. პროგრესის შესაფასებლად ესპ-ის სამოქმედო გეგმის 4.5 თავის "ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაზარი და მარეგულირებელი რეფორმა" ვალდებულებებისა და იგივე საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების მიხედვით გაწეული საქმიანობის შეფასება.
კერძოდ, კონკურსის თემატიკა შემდეგ საკითხებს მოიცავს:
** ვაჭრობა;
** საბაჟო პროცედურები;
** სტანდარტები, ტექნიკური ნორმები და შესაბამისობის დადგენის პროცედურები;
** ინვესტიციები;
** ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;
** სახელმწიფო შესყიდვები;
** კონკურენციის პოლიტიკა.
თითოეული საკონკურსო განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, ერთი ზემოთ ჩამოთვლილი საკითხის ყოვლისმომცველ და ფაქტებზე დამყარებულ შეფასებას. შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ესპ-ის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკების დოკუმენტებს.
ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიურ, ისე იურიდიულ პირებს.
ფონდი მკვლევარების კანდიდატურებად ვერ მიიღებს სახელმწიფო მოხელეებს, პარლამენტის წევრებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და/ან პოლიტიკური პარტიის წევრებს.
დაფინანსება:
კონკურსის გამარჯვებულად გამოვლინდება იმდენი პროექტი, რამდენიც საჭირო იქნება საკონკურსო თემატიკის სრულად მოსაცავად. გამარჯვებულებთან ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას მომსახურების მოწოდებაზე. "კონკურსის ამოცანაში" ჩამოთვლილ თითოეულ თემაზე ანგარიშის მომზადების ხარჯები 5,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
ფონდის მიერ გაცემული თანხები შემდეგი ხარჯებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული:
** მონაცემების შეგროვება;
** კომუნიკაცია (ტელეფონი, ინტერნეტი);
** მკვლევარების ხელფასები;
** ტრანსპორტირება;
** სხვა ხარჯები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული კვლევის განხორციელებასთან.
ფონდის თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ საქმიანობისათვის, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული კვლევის განხორციელებასთან. ეს თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, მშენებლობისათვის, უძრავი ქონების შესაძენად, თუ ორგანიზაციის დავალიანების დასაფარად. მკვლევართა სახელფასო განაკვეთებისა და მათ მიერ კვლევისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის ადეკვატურობა ნათლად უნდა იყოს დასაბუთებული.
შერჩევის პროცესი:
საკონკურსო განაცხადებს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მენეჯმენტი და პროგრამის თანამშრომლები განიხილავენ. განხილვის პროცესში განმცხადებელს შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოეთხოვოს. ამისათვის მას 3 სამუშაო დღე მიეცემა.
შერჩევის კრიტერიუმები:
საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** კონკურსის მიზანთან და პირობებთან შესაბამისობა;
** მკვლევართა კვალიფიკაცია და გამოცდილება;
** კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის ეფექტიანობა;
** კვლევის ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.
კვლევის ჩატარების განრიგი და მოსამზადებელი ანგარიშის ფორმატი:
მკვლევარებმა უნდა აიღონ ვალდებულება:
1. მოამზადონ ანგარიში (არაუმეტეს 20 გვერდისა, საკონკურსო თემატიკის თითო საკითხზე, A4 ფორმატში, Sylfaen 12 შრიფტით, ინტერვალის გარეშე) ქართულ ენაზე, 2014 წ. 15 იანვარს, შემდეგი სტრუქტურით:
** შესავალი და ანგარიშის მოკლე მიმოხილვა;
** კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა;
** ესპ-ის სამოქმედო გეგმითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი და მრავალმხრივი საგზაო რუკებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა;
** დასკვნები და რეკომენდაციები.
2. რედაქტირება გაუკეთონ ინგლისურად ნათარგმნი ანგარიშის მოკლე მიმოხილვას.
3. წარადგინონ ანგარიში "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ მოწყობილ პრეზენტაციაზე.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" უზრუნველყოფს:
** ყველა ანგარიშის საბოლოო რედაქტირებას.
** ანგარიშების მოკლე მიმოხილვების თარგმნას ქართულიდან ინგლისურად.
** ანგარიშების გამოცემას.
** ანგარიშების პრეზენტაციების მოწყობას.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფისში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ (ქართულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე):
** მკვლევარების კვალიფიკაციის დეტალური აღწერილობა;
** კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა და დასაბუთება;
** წინასწარი სამუშაო გეგმა;
** ბიუჯეტი;
** მკვლევარის მიერ შემოთავაზებულ თემაზე ადრე მომზადებული ანგარიშის ასლი.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 11 ნოემბერი, ორშაბათი, 16:00.
განმცხადებლები ფონდისაგან წერილობით პასუხებს მიიღებენ არაუგვიანეს 2013 წლის 1 დეკემბრისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"
თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული
ტელ.: 225 39 42/43
საკონტაქტო პირი: ნინო სუთიძე, პროგრამის თანაშემწე
წყარო:jobs.ge