en
ge

GGP - ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: იაპონიის საელჩო
  • დაწყების თარიღი: 17.01.2023
  • ბოლო ვადა: 13.03.2023
  • ბმული: https://bit.ly/3kg7j9D

ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ–ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში. დაფინანსება მოიცავს მათ შორის, პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის გადარჩენის, სიცოცხლის, ადამიანის ღირსების დაცვისკენ. ასევე, დაფინანსება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებისა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობების განვითარებაზე.

საქართველოში მუშაობის ორი ათწლეულის განმავლობაში, 1998–2022 წლებში, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის საელჩომ დააფინანსა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროექტებით განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალიტეტებში განახლდა ნარჩენების მანქანები, სახანძრო მანქანები და სხვა მძიმე ტექნიკა, ათასობით ჰექტარი გაიწმინდა ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან, აშენდა და აღიჭურვა ათობით სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. აღნიშნული მიმართულებები წარმოადგენენ წარსულში დაფინანსებულ პროექტებს, საგრანტო პროგრამის ფარგლები შესაძლოა ბევრ სხვა თემას თუ სექტორს მოიცავდეს.

საგრანტო პროგრამის პრიორიტეტები და ამოცანები:


მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა:

როგორც იაპონელი ხალხის კეთილი ნების გამომხატველი, იაპონიის საელჩო მიისწრაფვის, მხარი დაუჭიროს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ყველაზე პრობლემურად აღიქმება სთავად საქართველოს მოსახლეობის მიერ. სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების უმრავლესობა ასახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებს ყველაზე მწვავე ეროვნულ გამოწვევებად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად. შესაბამისად, ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამის მეშვეობით, საელჩო უპირატესობას ანიჭებს სწორედ ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია აღნიშნული პრობლემების ეფექტურ და ეფექტიან გადაჭრაზე.


ახალ შესაძლებლობებზე დაშენება:

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ეკონომიკური განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობებზე – ევროკავშირის ბაზარზე. ამ შესაძლებლობის სრულად ათვისება, თავის მხრივ, დამოკიდებულია საქართველოში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემაზე, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა მწარმოებლებს, აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროკავშირის ბაზარზე. ადამიანის უსაფრთხოების (GGP) პროგრამა მიისწრაფვის, ხელი შეუწყოს ასეთ საკვანძო ინფრასტრუქტურას, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.


გამაძლიერებელი ეფექტი: შეზღუდული რესურსის ყველაზე ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების სტრატეგია

ისევე, როგორც ყველა სხვა რესურსი – ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის რესურსიც მწირია, რაც იწვევს აუცილებლობას, რომ საპროექტო განმცხადებლებმა შეიმუშაონ სტრატეგია, რომ გრანტის ათვისება მოხდეს მაქსიმალურად შედეგიანად და ეფექტიანად. ამდენად, საელჩო ეძებს ისეთ პროექტებს, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი გამაძლიერებელი მექანიზმები, რათა მინიმალური რესურსის გამოყენებით, შეიქმნას ძლიერი შესაძლებლობები.

ადამიანის უსაფრთხოების (GGP) საგრანტო პროგრამის წარმატებულ მაგალითებს მიეკუთვნება, მაგალითად, სარწყავი სისტემის შექმნა, რამაც სარგებელი ათასობით მოსახლეს მოუტანა (მათ მიეცათ პროდუქციის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა); წვრილფეხა საქონლის მეურნეობის მშენებლობა, რამაც სარგებელი ასობით მცირე მეწარმეს მოუტანა და შექმნა შემოსავლის წყარო ადგილობრივი ოჯახებისთვის.


მთავარი ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ:

გრანტის მოცულობა: დაახლოებით 70,000 აშშ დოლარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 წელი

წყარო: www.ge.emb-japan.go.jp