en
ge

კონკურსი საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმების გადაღებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 29.10.2013
  • ბოლო ვადა: 26.11.2013
  • ბმული: http://jobs.ge/64848/
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი მედია-საშუალებებისა და სტუდიებისაგან, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმების მოსამზადებლად. საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა".
მოწვევა განაცხადების მისაღებად: ჟურნალისტური გამოძიება სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე.
პრობლემის აღწერა:
წლების მანძილზე საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო რეგულირება სუსტი იყო. ამჟამად მიმდინარეობს რეფორმები, საქართველოს კანონმდებლობა და კონტროლის მექანიზმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით იმდენად დიდი პრობლემებია დაგროვილი, რომ მათი გადაწყვეტა საზოგადოების მობილიზაციისა და ჩართულობის გარეშე რთული იქნება. ამ მხრივ დიდი როლი ენიჭება მედიას, რომლის მეტი აქტიურობაა საჭირო სურსათის უვნებლობასა და მომხმარებელთა უფელბების შელახვასთან დაკავშირებული საკითხების სისტემატურად წამოსაწევად.
საგრანტო კონკურსის მიზანი: საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის კუთხით არსებული კონკრეტული პრობლემების გამოვლენა და დემონსტრირება.
საგრანტო კონკურსის ამოცანა:
კონკურსის ამოცანაა სულ მცირე სამი საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმის მომზადება და ტელეეთერით გადაცემა. პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 30 აპრილისა. თითოეული დოკუმენტური ფილმის ხანგრძლივობა 25-40 წუთს უნდა შეადგენდეს. მომზადებულ ფილმებზე საავტორო უფლებების მფლობელი იქნება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი.
ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ყველა ადგილობრივ მედია- საშუალებებს და სტუდიებს. სასურველია გამოცდილება საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში.
დაფინანსება:
კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საგამოძიებო ფილმის პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. დაინტერესებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, შემოიტანოს მაქსიმუმ სამი საგამოძიებო ფილმის საპროექტო მონახაზი. პროექტის ფარგლებში გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი სამივე დოკუმენტური ფილმისათვის შეადგენს 10.500 ლარს.
ფონდის მიერ გაცემული თანხები შემდეგი ხარჯებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული:
** ხელფასები და გადასახადები;
** მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები;
** საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული ხარჯები;
** სხვა ხარჯები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული დოკუმენტური მასალების მომზადებასთან.
ფონდის თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ საქმიანობისათვის, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მასალების მომზადებასთან. ეს თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად, მშენებლობისათვის, უძრავი ქონების შესაძენად, თუ ორგანიზაციის დავალიანების დასაფარავად. ჟურნალისტების სახელფასო განაკვეთებისა და მათ მიერ მასალების მომზადებისათვის გამოყოფილი სამუშაო დროის ადეკვატურობა ნათლად უნდა იყოს დასაბუთებული.
გრანტის მიმღებს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პერიოდული პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოთხოვნების შესაბამისად.
შერჩევის პროცესი:
შერჩევის ობიექტური და არადისკრიმინაციული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საპროექტო წინადადებები განიხილება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ მოწვეულ მრჩეველთა საბჭოს მიერ. გრანტის გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდი მიიღებს. პროექტის განხილვის პროცესში, შესაძლოა, განმცხადებელს მოეთხოვოს დამატებითი მასალების წარდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში.
შერჩევის კრიტერიუმები:
საკონკურსო განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** კონკურსის მიზანსა და პირობებთან შესაბამისობა;
** პროექტის გუნდის კვალიფიკაცია და გამოცდილება, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გრანტის ფარგლებში შექმნილი ფილმების სატელევიზიო ეთერით ტრანსლირების შესაძლებლობები;
** პროექტის ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ (ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე) არაუგვიანეს 2013 წლის 26 ნოემბრის 16:00 საათისა:
** შემოთავაზებული საგამოძიებო ფილმების მონახაზები (ერთ ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს სამი საგამოძიებო ფილმის მონახაზი);
** პროექტის განხორციელების დროში გაწერილი გრაფიკი (ფილმების მომზადება/ტრანსლირება და შესაბამისად პროექტი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 30 აპრილისა);
** დეტალური ბიუჯეტი (ჯამური ბიუჯეტი სამივე ფილმისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10,500 ლარს);
** საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში მანამდე შესრულებული სამუშაოს მაგალითი (გთხოვთ მიუთითოთ მისი სატელევიზიო ეთერში გასვლის დრო და მისი რეიტინგულობის დადასტურება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** პროექტში მონაწილე ჟურნალისტების რეზიუმეები;
** კონკრეტული ტელევიზიის ან ტელევიზიების წინასწარი თანხმობა მომზადებული ფილმების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით.
** საპროექტო განაცხადი 6 ეგზემპლარად უნდა იყოს წარმოდგენილი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.
საკონტაქტო პირები: ვიქტორ ბარამია, პროგრამის უფროსი მენეჯერი (vbaramia@epfound.ge) და ნინო სუთიძე, პროგრამის თანაშემწე (nsutidze@epfound.ge).
საგრანტო კონკურსის განრიგი:
კონკურსის გამოცხადება: 2013 წლის 29 ოქტომბერი.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვა-პასუხის სესია ფონდში: 2013 წლის 12 ნოემბერი, 15:00 საათი.
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა: 2013 წლის 26 ნოებერი, 16:00 საათი.
კონკურსის შედეგების გამოცხადება: 2013 წლის 24 დეკემბერი.
1 ფონდი უფლებას იტოვებს, არ შეარჩიოს განაცხადი, იმ შემთხვევაში, თუკი სათანადოდ არც ერთი დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს.
წყარო:jobs.ge