en
ge

საინფორმაციო შეხვედრა შიდა ქართლში მოქმედ CSO-ებთან

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლს, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიით შემოთავაზებული მიდგომების გაცნობას ისახავს მიზნად.

მარტის თვეში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე ვიწვევთ შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. საინფორმაციო შეხვედრა მარტის მეორე ნახევარში, გორში ჩატარდება (დაინტერესებულ ორგანიზაციებს ინფორმაცია შეხვედრის ჩატარების ზუსტი თარიღისა და ადგილის შესახებ მოგვიანებით მიეწოდებათ). შეხვედრაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

საინფორმაციო შეხვედრების გზით, IRC-ის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელობისა და იმ მიდგომების/ინსტრუმენტების შესახებ, რომელსაც სტრატეგია გვთავაზობს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, რომელიც 2022 წლის აპრილის თვეში დამტკიცდა, საჯარო დაწესებულებებს მოუწოდებს დანერგონ სერვისის დიზაინის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ფასწარმოქმნის თანამედროვე მიდგომები და ამ გზით მომხმარებელს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ერთ-ერთი ძირეული ამოცანა იყო. სტრატეგიის მაღალი ხარისხით შესრულებაში, ისევე როგორც PAR-ის ეფექტიანად განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება პროექტის "სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც IRC გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში საქმიანობთ, მიმდინარე წლის 20 მარტის 23:59 საათამდე გამოხატოთ სურვილი შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა...

წყარო: jobs.ge