აშშ–ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამაზე. პროგრამის მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს კვლევებზე, სახელმძღვანელოებსა და თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაზე ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგამომცემლო სახლებსა და საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:
- საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა.
- მედია: მედია ეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერ განათლება და კიბერ უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და სხვა დაკავშირებული თემები.
- სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები.
- ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები.
- ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები.
- მხატვრული ლიტერატურა: კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა.
სახელმძღვანელოების და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.
წყარო: ge.usembassy.gov