en
ge

კონკურსი - 2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 04.11.2013
  • ბოლო ვადა: 26.12.2013
  • ბმული: http://jobs.ge/65052/
კონკურსი "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო"
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" იწვევს საქართველოში, სურსათის სფეროში მომუშავე საწარმოებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც გამოცხადდება "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოდ". კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში".
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" შესახებ:
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კუთხით. ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ზეგავლენა მოახდინონ ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.
თავისი მისიის განსახორციელებლად ფონდი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულებაა სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებები. კერძოდ, ფონდი ხელს უწყობს საქართველოს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან, მათ შორის, რეფორმის პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურების კუთხით. ამ ამოცანების მისაღწევად, ფონდი ხელს უწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლებას, ახდენს რეფორმების პროცესის მონიტორინგს, აწარმოებს საზოგადოებრივი ინფორმირების კამპანიას სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე და კოორდინაციას უწევს სამოქალაქო საზოგადოების დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმდინარე რეფორმების თაობაზე.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა" და მისი პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რაზე მუშაობაც ახლაც გრძელდება. ფონდი ასევე აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში, მომხმარებელთა უფლებების შესახებ ახალი კანონის შესამუშავებლად.
ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", რომელმაც სწორედ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო მომხმარებელთა დახმარების ეფექტიანი სერვისის ჩამოყალიბება. კერძოდ, მომხმარებელთა მიმართვების საფუძველზე ცენტრი იღებს ბაზარზე განთავსებული სურსათის ნიმუშებს და ორგანიზებას უკეთებს მათ ლაბორატორიულ შემოწმებას, რის შედეგებსაც საჯაროდ ავრცელებს. ცენტრის მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად ბევრმა საწარმომ გამოასწორა თავისი სამეწარმეო პრაქტიკა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისად. ცენტრის ვებ-გვერდი: www.momxmarebeli.ge საქართველოში მოქმედი ყველაზე პოპულარული სამომხმარებლო ვებ-გვერდია.
2013 წლის 1 ოქტომბრიდან "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა", ევროკავშირის დაფინანსებით, დაიწყო 30-თვიანი პროექტის განხორციელება, რომელიც გააგრძელებს სურსათის უვნებლობის კუთხით ზემოთ აღწერილ საქმიანობას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, შემდეგი ღონისძიებები განხორციელდება: მომხმარებელთა დახმარების ცენტრები შეიქმნება საქართველოს 4 რეგიონში. ეს ცენტრები მოახდენენ სასურსათო ბაზრის მონიტორინგსა და სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმებების ორგანიზებას; მომხმარებლებს გაეწევათ უსასყიდლო იურიდიული დახმარება და, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში - საადვოკატო მომსახურება. კონკურსი "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო" სწორედ ამ პროექტის ნაწილია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.epfound.ge
პრობლემის აღწერა:
წლების მანძილზე საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფო რეგულირება სუსტი იყო. ამჟამად მიმდინარეობს რეფორმები, საქართველოს კანომდებლობა და კონტროლის მექანიზმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ამასთანავე, მეწარმეებს დამატებითი ტვირთი აწვებათ, რათა საწარმოო პროცესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ კანონმდებლობის ახალ მოთხოვნებთან. ამ აუცილებელი რეფორმის წარმატებისათვის მნიშვნელოვნია არა მარტო დამსჯელი სანქციების გატარება კანონდამრღვევი საწარმოების მიმართ, არამედ კანონმორჩილი მეწარმეების წახალისებაც.
კონკურსის მიზნები:
** იმ სასურსათო საწარმოების წახალისება, რომლებიც ასრულებენ სურსათის უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს.
** მომხმარებელთა ინტერესების პატივისცემის წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია.
კონკურსის ამოცანები:
კონკურსის ამოცანაა "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს" გამოვლენა. ეს წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.
ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით.
გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი და შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს.
გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილე საწარმოთა ინსპექტირებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად.
ფონდი შეარჩევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც საწარმოთა ინსპექტირებას ჩაატარებენ (3 გაუფრთხილებელი ინსპექტირება წელიწადში), ხოლო აკრედიტებულ ლაბორატორიებში მოხდება ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული სურსათის შემოწმება (3 სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი წელიწადში).
ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მიხედვით ფონდი საუკეთესო საწარმოს გამოავლენს, იმ საწარმოთა შორის, რომლებიც სურსათის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით მუშაობენ.
ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული საწარმოსა და "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისათვის", გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ ვალდებულებას აკისრებს პროცესის მონაწილე მხარეებს.
კონკურსის გამარჯვებულს მიენიჭება "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაწესებული ჯილდო "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო". გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი" საჯაროდ გაავრცელებს.
გამარჯვებული ასევე გამოცხადდება "ოქროს ბრენდის" დაჯილდოების ცერემონიალზე. "ოქროს ბრენდის" ფასიანი ლიცენზიის შეძენის შემთხვევაში გამარჯვებული შეძლებს აქტიურად ისარგებლოს "ოქროს ბრენდის ხარისხის ნიშნით" მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისათვის და ასევე მიიღოს სარეკლამო სივრცე ტელევიზიაში, რადიოში, გაზეთსა და ბილბორდებზე. დამატებითი ინფორმაცია "ოქროს ბრენდის" თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://goldenbrand.finchannel.com. კონკურსში გამარჯვების ფაქტის გახმაურებით მოხდება გამარჯვებული საწარმოს რეკლამირება და გაიზრდება მის მიმართ მომხმარებლის ნდობა.
კონკურსის ყველა მონაწილე, წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ მიიღებს რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზების თაობაზე სურსათის უვნებლობის ექსპერტის მიერ. გარდა ამისა, საწარმოების მიერ წარმოებული, ან ნავაჭრი სურსათის შერჩეულ ნიმუშებს წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული შემოწმებები. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს უკეთ იყონ მომზადებული სახელმწიფო კონტროლისათვის.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს" ოფიციალური წერილით უნდა მიმართონ, რომელსაც ხელს მოაწერს წარმოების ხელმძღვანელი. წერილის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: rjandieri@epfound.ge. წერილის კონვერტზე, ან ელექტრონული გზავნილის საგნის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კონკურსი "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო".
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 26 დეკემბერი, 16:00 საათი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ საწარმოებთან, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.
კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება იგეგმება 2015 წ. მარტში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"
თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული
ტელ.: 225 39 42/43
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კობალაძე, პროგრამის უფროსი მენეჯერი
ელფოსტა: vkobaladze@epfound.ge
ღია კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის გაიმართება 2013 წ. 18 ნოემბერს, 16:00 საათზე, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფისში.
წყარო:jobs.ge