თუ ხართ ჟურნალისტი ან კვლევით დაინტერესებული სტუდენტი, გაინტერესებთ დეზინფორმაციის გამოძიება ინოვაციური ხელსაწყოებისა და მეთოდების გამოყენებით, მაშინ შეუერთდით სფეროს წამყვან სპეციალისტებს 2.5-თვიან პროფესიულ პროგრამაზე “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი”.
ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში - ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა.
პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები მიიღებენ გრანტს: 6000 ლარის ოდენობით.
პროგრამაზე რეგისტრაცია ღიაა გამოცდილი ჟურნალისტებისთვის და მედია და კვლევითი სტუდენტებისთვის, რომლებსაც დეზინფორმაციის კვლევა ან გამოძიება აინტერესებთ.
ბანაკის პირველ ეტაპზე გაიმართება ტრენინგებისა და ვორკშოპების სერია, სადაც მონაწილეები ისწავლიან დეზინფორმაციის კვლევის ინოვაციურ მეთოდებს სფეროს წამყვანი მკველვარებისგან, გამომძიებლებისგან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მომუშავე პირებისგან. ისინი აითვისებენ როგორც ღია წყაროებით გამოძიების, ასევე Social Listening-ით კვლევის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ბანაკის მეორე ეტაპზე, მონაწილეები, მენტორების დახმარებით, საგამოძიებო და კვლევითი მასალების შექმნაზე იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსული კავშირები და საინფორმაციო ოპერაციები, ყალბი ამბები, ანტიდასავლური კამპანიები, დეზინფორმაციის კოორდინებული ქსელები და ა.შ. მასალებზე მუშაობის პარალელურად, მათ DataFest Tbilisi 2023-ზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მასალებზე მომუშავე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი, გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის კი - დამატებითი საგრანტო ფონდი.
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის შესახებ:
ქართულ მედიასივრცეში დღითიდღე იზრდება დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის კონტენტი. შედეგად, იმატებს დეზინფორმაციასთან მებრძოლი ჟურნალისტების, მკვლევრებისა და აქტივისტების დატვირთვაც, რადგან მათი საქმიანობა, მეტ-ნაკლებად, კვლავ თეორიულ და ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა - ამ მეთოდების ეფექტიანობა კი თანდათანობით მცირდება, კონტენტის სიდიდიდან გამომდინარე.
უკანასკნელ წლებში, ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო.
ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად. პროგრამის "დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი" მიზანიც სწორედ ამ პრაქტიკის გაცნობაა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის.
ბანაკში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 27 აგვისტომდე...
მონაწილეები აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევიან.
კითხვებისთვის, მოგვწერეთ - jubo@forset.ge ან lizi@forset.ge
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში