ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) მოამზადებს და დაეხმარება დეზინფორმაციასთან ბრძოლით დაინტერესებულ პროფესიონალებს, ჩაატარონ სემინარები და ღონისძიებები თავიანთ თემში, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ისეთი საზიანო და მცდარი ინფორმაციის იდენტიფიცირება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხეს უქმნის ადამიანების კეთილდღეობას, ამცირებს მედეგობას დეზინფორმაციის მიმართ.
ICFJ-მ დაიწყო განაცხადების მიღება "ტრენერების ტრენინგისთვის" აფრიკის, აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) ქვეყნებიდან. პროგრამა სამწლიანი გლობალური პროექტის "განაიარაღე დეზინფორმაცია” ნაწილია, რომელსაც ICFJ, სკრიპს ჰოვარდის ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.
„ჩვენი მიზანია, აღვჭურვოთ ჟურნალისტები და სათემო ლიდერები მთელს მსოფლიოში იმგვარი ცოდნითა და უნარებით, რაც მათ ადგილობრივ თემებს გააძლიერებს," აღნიშნავს ICFJ-ის უფროსმა პროგრამის დირექტორი პოლ როთმანი და დასძენს: ”დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლა და ჯანსაღი, ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო ეკოსისტემების ხელშეწყობა სათემო დონის ცნობიერებასა და მოქმედებას მოითხოვს”.
აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ოთხსაათიან ონლაინ კურსზე (ინგლისურ ენაზე), რომელსაც Poynter Institute-ის MediaWise გაუძღვება. ონლაინ კურსის გავლის შემდეგ, თითოეული რეგიონიდან ხუთი აპლიკანტი შეირჩევა, რომელიც მიწვეული იქნება ტრენინგზე ოფლაინ ფორმატში, შემდეგ კი თითოეული მიიღებს $2,000 გრანტს საკუთარი სათემო ღონისძიებებისა და სემინარების განსახორციელებლად. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არაა განკუთვნილი, აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ დეზინფორმაციის საკითხებთან მუშაობის წინარე გამოცდილება და სანდოობის ის ხარისხი, რომელიც მომავალ მსმენელებთან ნდობის მოპოვებისთვისაა საჭირო.
განაცხადების მიღება 4 აგვისტოს შეწყდება, ხოლო ონლაინ კურსი სამი დღის შემდეგ, 7 აგვისტოს, 12-დან - 4 საათამდე (GMT) ჩატარდება. ონლაინ კურსი ღია იქნება ყველა მონაწილისთვის და მოიცავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა მედია და ინფორმაციული წიგნიერება, დეზინფორმაციის ტიპები და ფაქტების გადამოწმების ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა გეოლოკაცია.
კანდიდატები, რომლებიც არ დაესწრებიან ონლაინ კურსს, ფიზიკური ტრენინგისა და გრანტის მინიჭების ეტაპებს ავტომატურად გამოეთიშებიან. მათ, ვისაც სურთ, დაესწრონ ონლაინ კურსს, მაგრამ არ სურთ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, ასევე შეძლებენ აირჩიონ ეს ვარიანტი სააპლიკაციო ფორმაში.
წყარო: mdfgeorgia.ge