en
ge

მოწვევა ფორუმზე - „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“

სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტი (CSI) გიწვევთ ფორუმზე „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“, რომელიც გაიმართება 2023 წლის 26 სექტემბერს, თბილისში (ღონისძიების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტება).

ფორუმის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზება, ამ კუთხით მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.

მონაწილეობითი მიდგომების გამოყენება მუნიციპალურ დონეზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს განაპირობებს, ერთი მხრივ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ კი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი ხელისუფლების ფორმირებას, რომელიც ეფექტურად პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ინტერესებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად მათი ინფორმირება, კონსულტაციების გამართვა, დიალოგისა და თანამშროლობის საშუალებით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა სერვისის, სტრატეგიის, რეგულაციის, კონკრეტული პოლიტიკის თუ ზოგადად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხების მოგვარების დაგეგმვა-განხორციელება-შეფასების პროცესში, მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებისა და კარგი მმართველობის საფუძველია.

ფორუმი „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ინტერესდება ადგილობრივ დონეზე მიმდინარე მონაწილეობით პროცესებით და იმ მაგალითებით, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილებების მიღება დაინერესებული აქტორებისა და მოსახლეობის ჩართულობის საფუძველზე განხორციელდა (მათ შორის საკითხები რომლებმაც გავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე, ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ეთნიკურ უმცირესობებზე).

აქედან გამომდინარე, ფორუმის ფარგლებში საინტერესოა ორი პერსპექტივა:

მუნიციპალიტეტის პერსპექტივა - რათა მათ წარმოაჩინონ საინტერესო და წარმატებული შედეგები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან და ზოგადად, მოქალაქეებთან თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღწეული;

სამოქალაქო განვითარების აქტორების პერსპექტივა - სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების გამოცდილება, რომელიც წარმოაჩენს საჯარო და სამოქალაქო აქტორების შორის თანამშრომლობის, მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება-ლობირების, კონკრეტული მექანიზმების გამოყენების და ა.შ. წარმატებულ მაგალითებს.

იმისათვის რომ ყველა აქტორის გამოცდილება იყოს წარმოდგენილი, გიწვევთ ფორუმზე როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე სამოქალაქო განვითარების აქტორებს (სსო, სამოქალაქო აქტივისტი, მედია, აკადემია), რათა გააცნოთ დამსწრე აუდიტორიას თქვენს მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი პროცესის წარმატებული მაგალითები და გამოვლენილი გამოწვევები, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ადგილობრივი კონტექსტის გააზრებას.

თუ გსურთ, რომ დარეგისტირდეთ მომხსენებლად, გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე https://shorturl.at/pySW6

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 1 სექტემბერი.

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, შემოსული განაცხადების საფუძველზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გამოყოფს ძირითად საკითხებს, შეიმუშავებს დღის წესრიგს და დაგიკავშირდებათ დეტალური ინფორმაციით.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული რეგისტრაცია ეხება მათ, ვისაც სურს ფორუმზე მომხსენებლის სტატუსით დასწრება. მონაწილის სტატუსით დასწრების მსურველთათვის სარეგისტრაციო ბმული მოგვიანებით გაზიარდება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:
ტელ: 555 94 50 66 - ნინო მღვდელაძე
ელ. ფოსტა: n.mgvdeladze@civilin.org

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ.

წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი