IREX-ი აცხადებს ღია კონკურსს რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოებისთვის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის და IREX-ის მიერ 2010 წლიდან ხორციელდება.
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლითი ვიზიტებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, ქართულ რეგიონულ ტელევიზიებსა და რადიოებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები ჟურნალისტიკაში, ახალ ტექნოლოგიებში, მედია მენეჯმენტში, გაყიდვებსა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებში.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ორი ქართული რეგიონული ტელევიზია და ერთი რეგიონული რადიო, პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ორ ამერიკულ ტელევიზიასა და ერთ რადიოსთან ერთად. IREX-ი გამარჯვებულ ქართულ ტელევიზიებსა და რადიოს დააკავშირებს აშშ-ის ტელევიზიებთან და რადიოსთან, რათა მათ შორის დამყარდეს გრძელვადიანი პროფესიული კავშირები. თითოეული შერჩეული ქართული ტელევიზიის რვა წარმომადგენელს და რადიოს ოთხ წარმომადგენელს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ერთკვირიანი პრაქტიკული სტაჟირება და ინტენსიური კონსულტაციები ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებაში. ტელევიზიები განახორციელებენ ორ პარტნიორულ ვიზიტს (ოთხ-ოთხი მონაწილე თითო ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში) ამერიკულ ტელევიზიაში . რადიო კი განახორციელებს ერთ პარტნიორულ ვიზიტს (ოთხი მონაწილე) ამერიკულ რადიოში.
საპასუხოდ, ოთხი ექსპერტი თითო ამერიკული პარტნიორი ტელევიზიიდან განახორციელებს ორ ვიზიტს თავის პარტნიორ ტელევიზიასთან საქართველოში (ორი ექსპერტი თითოეული ვიზიტის ფარგლებში). აშშ-ის პარტნიორი რადიოდან კი ორი ექსპერტი ერთხელ ეწვევა ქართველ კოლეგებს. ისინი ადგილზე გაუწევენ კონსულტაციებს და ჩაატარებენ ტრენინგებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა ვიზიტი ერთკვირიანია. ათი თვის განმავლობაში ორმხრივი პროფესიული გაცვლითი ვიზიტების შედეგად მოხდება მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ინოვაციური იდეების დანერგვა. ქართულ ტელევიზიებსა და რადიოს საშუალება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ კონსულტაცია შემდეგ საკითხებში:
- ბიზნეს/მედია მენეჯმენტი: მათ შორის – გაყიდვები, რეკლამა, დისტრიბუცია, კადრების შერჩევა და სხვა;
- ჟურნალისტიკა: მათ შორის – სათემო ჟურნალისტიკა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ადგილობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქება და სხვა;
- ახალი ტექნოლოგიები: მათ შორის – ვებგვერდის განვითარება, მობილური კომუნიკაციები, გამოსახულების და ხმის პირდაპირი ტრანსლირების პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა.
ამასთანავე, IREX-ი დაეხმარება გამარჯვებულ ქართულ ტელევიზიებსა და რადიოს პროფესიული კონტაქტების დამყარებაში და პარტნიორობის ქსელის ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი გამოცდილების სხვა კოლეგებისთვის გაზიარება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს რეგიონებში მოღვაწე ნებისმიერ ტელევიზიასა და რადიოს, რომელიც:
ფლობს მაუწყებლობის მოქმედ ლიცენზიას;
აქვს ახალი ამბების გამოშვება და მაუწყებლობს მოსახლეობის ფართო ჯგუფისთვის ან უმცირესობათა გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის – ასევე სასურველია ჰქონდეს ინტერაქტიული თოქ შოუ, რეპორტაჟები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ან სხვა ადგილობრივად მომზადებული გადაცემები;
აქვს სურვილი გაეცნოს თანამედროვე ჟურნალისტურ და მედია მენეჯმენტის მიდგომებს, დანერგოს პარტნიორობის შედეგად ნასწავლი სიახლეები საკუთარ მედია საშუალებაში, და კოლეგებსაც გაუზიაროს თანამშრომლობის შედეგად მიღებული გამოცდილება ტრენინგებისა და მრგვალი მაგიდის სახის შეხვედრების გზით;
მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამასთან და დაამყაროს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები ამერიკულ პარტნიორ მედია საშუალებასთან;
თანახმაა წარადგინოს წერილობითი ანგარიში პარტნიორული ვიზიტების შემდეგ და რეგულარულად მოგვაწოდოს ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ინგლისური ენის ცოდნა. IREX-ი უზრუნველყოფს თარჯიმნების მომსახურებას როგორც ჯგუფის აშშ-ში ვიზიტისას, ასევე ამერიკელი კონსულტანტების საქართველოში სტუმრობის დროს.
თუ თქვენი მედია საშუალება აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ პირობებს და დაინტერესებული ხართ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, გთხოვთ შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. განაცხადის ფორმა აგრეთვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: GMPP_2013_კონკურსის განაცხადის ფორმა . ამობეჭდილი ასლის მიღება შეგიძლიათ IREX-ის ოფისშიც.
განაცხადის მიღება: შევსებული განაცხადის ფორმა ნაბეჭდი სახით თანდართულ საბუთებთან ერთად უნდა მოიტანოთ IREX-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #6, მე-3 სართული. ვიდეო ან აუდიო ფაილები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ CD-ზე ან USB (ფლეშ)-ზე ჩაწერილი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 25 დეკემბერი, 16:00 სთ. დაგვიანებით მოტანილი განაცხადები არ მიიღება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩაბარებული განაცხადები და საბუთები უკან არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ, პერსონალური დოკუმენტაციისთვის დაიტოვეთ შევსებული განაცხადის ერთი ეგზემპლარი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, IREX-ის და ა.შ.შ.-ის საელჩოს წარმომადგენლები ჩაატარებენ ღია კარის დღეს 10 დეკემბერს, 2 საათზე, აირექსის ოფისში. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველმა რეგიონალურმა მაუწყებლებმა თავისი წარმომადგენლ(ებ)ის სახელი და გვარ(ებ)ი უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: gmpp-georgia@irex.org არაუგვიანეს 9 დეკემბრისა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში, ტელ.: +(995 32) 291 26 08, ან მობ.: 599 38 72 82.
წყარო:irex.ge