სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს ტენდერს ახალი ონლაინ სასწავლო კურსის, სამოქალაქო მონიტორინგის შექმნასა და გაძღოლაზე.
ონლაინ პლატფორმის შესახებ: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2014 წელს შექმნა ონლაინ სწავლების პლატფორმა – www.e-learning.ge და აქტიურად უძღვება დისტანციურ სწავლებას საქართველოს მასშტაბით. პლატფორმაზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის 20 ონლაინ კურსი განსხვავებული აუდიტორიისთვის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის. კურსები აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე: მოიცავს ვიდეო ლექციებს, საკითხავ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტესტებს. სწავლება მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმის www.e-learning.ge საშუალებით. სწავლების პროცესი დისტანციურია და თითოეული კურის ხანგრძლივობა არ აღემატება 2-3 თვეს. კურსები არის უფასო და წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
შესყიდვის საგანი: ტენდერის ფარგლებში უნდა შეიქმნას ონლაინ კურსი „სამოქალაქო მონიტორინგი“, რაც მოიცავს კურსის კონცეფციის და სილაბუსის შექმნას, ვიდეო ლექციებისა და სასწავლო მასალის (საკითხავი ლიტერატურა, პრაქტიკული დავალებები, ტესტები) მომზადებას. ვიდეო ლექციების ჩაწერის ტექნიკურ სამუშაოებს (ვიდეო ლექციების გადაღება-მონტაჟი) და საიტზე ატვირთვას უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. კურსის შექმნის შემდგომ უნდა მოხდეს სასწავლო პროცესის ერთი ნაკადის წარმართვა, რაც გულისხმობს დისტანციურ რეჟიმში მონაწილეებთან კომუნიკაციას, მათ შეფასებას და მენტორობას.
ონლაინ კურსის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოქალაქეთა მონაწილეობის თვითორგანიზების ფორმების სტიმულირებას და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მათ უშუალო მონაწილეობას. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც აქვს მაღალი მგრძნობელობა და დაინტერესება ადგილობრივი პრობლემების მოგვარების და თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ, პირდაპირ გავლენას ახდენს და ხელს უწყობს უფრო ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
სამოქალაქო მონიტორინგი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოდგენს საზოგადოებისთვის, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
კურსის მიზანია სამოქალაქო მონიტორინგის მიმართულებით ადგილობრივი აქტორების გაძლიერება. მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების სწავლება, რათა მათ შეძლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი, რაც შესაძლოა, მოიცავდეს ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგს, ასევე ადგილობრივი სტრატეგიული ან სხვა დოკუმენტების შემუშავება-განხორციელების, საბიუჯეტო ციკლის და სერვისების შემუშავების, ასევე ადგილობრივ დონეზე განხორციელებული სხვადასხვა პროგრამის მონიტორინგს. კურსის ძირითადი სამიზნე აუდიტორიაა საზოგადოებრივი/ სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებები; უნდა ჰქონდეთ თეორიული ცოდნა რა არის მონიტორინგი, როგორ დაგეგმონ და წარმართონ მონიტორინგის პროცესი, ასევე იცოდნენ რა ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მონიტორინგის განხორციელება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ კურსის საშუალებით მონაწილეებმა შეძლონ მონიტორინგისთვის საჭირო უნარების ათვისება და მონიტორინგის ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვა.
წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი