en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 16.01.2014
  • ბოლო ვადა: 21.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/67994/
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს რიგით მეორე კონკურსს ქართველი ჟურნალისტებისთვის საუკეთესო საგამოძიებო სტატიის გამოსავლენად.
საუკეთესო სტატიის შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
** სტატიის მიუკერძოებლობა, ყველა მხარის პოზიციის წარმოჩენა;
** სტატიაში განხილული პრობლემის აქტუალურობა და ნაშრომის საზოგადოებრივი სარგებელი;
** ნაშრომის ორიგინალურობა (მათ შორის საკუთარი ძალებით და არა სხვის ინფორმაციაზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის სიმრავლე);
** რამდენად წამყვანი როლი ითამაშა თავად ჟურნალისტმა ნაშრომში წარმოდგენილი პრობლემის გამოაშკარავებაში;
** სტატიაში მოყვანილი სანდო და გადამოწმებული წყაროების სიმრავლე;
** თხრობის თანმიმდევრული და გასაგები სტილი.
საგამოძიებო ნაშრომი უნდა ეხებოდეს სახელმწიფო შესყიდვების თემას. თემაზე მუშაობისას ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოიყენონ Tendermonitor.ge, რომელიც შექმნილია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველს" მიერ. ვებ-გვერდზე 2011 წლის შემდეგ განხორციელებული თითქმის ყველა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არის ატვირთული.
ჟურნალისტებისათვის ასევე ხელმისაწვდომია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შექმნილი ელექტრონული ტენდერების ბაზა - tenders.procurement.gov.ge და მისი გამარტივებული შესყიდვების CMR მოდული (რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის).
ამ მონაცემთა ბაზის, აგრეთვე სამეწარემეო რეესტრისა http://www.reestri.gov.ge/ და თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემების შედარების საფუძველზე ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოავლინონ შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კერძო კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით მნიშვნელოვან თანხებს იღებენ.
სასურველია რომ კონკურსის მონაწილეები გაეცნონ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რისკების და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შესახებ.
გამარჯვებული სტატიის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1 500 ლარის ოდენობით და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" სერტიფიკატი. ასევე, გამოვლინდება მეორე და მესამე ადგილზე გასული სტატიები. (ფულადი ჯილდო 800 და 500 ლარი შესაბამისად).
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წლის 30 აპრილს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ჟურნალისტებს, რომელებიც 2014 წლის 15 იანვრიდან 2014 წლის 15 აპრილამდე ქართულენოვან გაზეთში/ჟურნალში/ინტერნეტ გამოცემაში გამოაქვეყნებენ სტატიას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ჟურნალისტმა უნდა წარმოადგინოს სტატიის სამი ასლი და იმ გაზეთის/ჟურნალის ერთი ასლი (თუ საგაზეთო სტატიაა). თუ სტატია ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა, მასალის 3 ასლი, ამობეჭდილი ფორმით, სტატიაზე url ბმულის მითითებით არაუგვიანეს 2014 წლის 21 აპრილის 14:00 საათისა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში (მისამართი: რუსთაველის გამზირი #26).
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: nana@transparency.ge ან დაუკავშირდით ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს, ნანა ლობჟანიძეს ტელეფონზე 5 95 210 309.
წყარო:jobs.ge