en
ge

სიახლე პირობითმსჯავრდებულთათვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პირობითმსჯავრდებული ახალგაზრდებისა და არასრულწლოვნების რესოციალიზაციის ხელშეწყობა გურიის რეგიონში" ფარგლებში, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აცხადებს მიკრო გრანტების კონკურსს ამავე პროექტით ჩატარებული მცირე ბიზნესის მართვის კურსებში მონაწილე გურიის რეგიონში რეგისტრირებული პირობითმსჯავრდებულებისათვის.
კონკურსის მიზნები
პირობითმსჯავრდებულთა საზოგადოებაში რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
პირობითმსჯავრდებულთა შორის ბიზნესის წარმართვის შესაძლებლობების გაფართოება, მათი სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება;
კონკურში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია გურიის პრობაციის ბიუროში (ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ერთეულებში) რეგისტრირებულ და ამავდროულად გურიის რეგიონში მცხოვრებ პირობითმსჯავრდებულებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პირობითმსჯავრდებული ახალგაზრდებისა და არასრულწლოვნების რესოციალიზაციის ხელშეწყობა გურიის რეგიონში" ფარგლებში ჩატარებული მცირე ბიზნესის მართვის კურსი.
საკონკურსო ბიზნესწინადადებით მოთხოვნილი საერთო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 300 და მაქსიმუმ 2000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
დაფინანსდება მხოლოდ ის ხარჯები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული პროექტის განხორციელებასთან. დისკვალიფიცირებული იქნება ის განაცხადები, რომელთა ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავს რაიმე სახის უარყოფით ზემოქმედებას გარემოზე.
ამასთანავე აუცილებელი მოთხოვნებია: პირობითმსჯავრდებული არ იყოს დასაქმებული სხვა ორგანიზაციაში და საწარმოში; ბიზნეს წინადადებით წამოწყებული საქმიანობის განხორციელების პროცესში პირობითმსჯავრდებულს ჰყავდეს არაპირობითმსჯავრდებული სათემო პარტნიორი; რეგულარულად შეძლოს პირობითმსჯავრდებული მოხალისის ან სტაჟიორის მასპინძლობა საწარმოში.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
კონკურსანტებმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ ქვემოთმოცემული დოკუმენტების ორი ასლი ქართულ ენაზე:
• ბიზნეს გეგმა (სასწავლო პროგრამის განმავლობაში მიწოდებულ ფორმატში)
• პირადობის მოწმობის ასლი
• რეზიუმე
• კონკურში მონაწილეობის ინტერესის გამომხატველი წერილი
განაცხადების ჩაბარება იწარმოებს 2014 წლის 20 თებერვალის 16:00 საათამდე გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფისში, მისამართი: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4, მეორე სართული.
კონკურსის მონაწილეებს შეფასების შედეგების შესახებ წერილობით ეცნობებათ არაუგვიანეს 2014 წლის 1 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი
ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4, მეორე სართული
ტელ: 0496 27 41 26
ელ-ფოსტა: gyrc.info@gmail.com