en
ge

საგრანტო კონკურსი: ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა 2014

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 07.02.2014
  • ბოლო ვადა: 09.03.2014
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?36%2F444%2F
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა",რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში ქალთა ორგანიზაციები საზოგადოების ყურადღებას ამახვილებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე (პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობაზე), თუმცა ძალადობის ბევრი ფორმა, რასაც ძალიან ხშირად მიმართავენ ჩვენში, ისევ და ისევ რჩება ტაბუდადებულ თემად, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ნაკლებად თვალსაჩინოა. მათ შორისაა, ძალადობის ისეთი უმძიმესი ფორმები, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ფემიციდი,სქესის სელექცია, ადრეული ქორწინება, იძულებით ორსულობა, სექსუალური ზეწოლა სამუშაო ადგილებში თუ ქუჩაში, და სხვა.
საგრანტო კონკურსის მიზანია ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის წახალისება გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების პრევენციის საკითხების ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მოიაზრებს ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების გამოაშკარავებას და მათთან ბრძოლას, ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მსოფლმხედველობის და პატრიარქალური შეხედულებების შეცვლას სხვადასხვა აქტორებთან (გადაწყვეტილების მიმღებებთან, პოლიტიკოსებთან, რელიგიურ ლიდერებთან, უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და სხვ.) ურთიერთქმედების გზით.
ქალთა ფონდი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:
• ქალთა მიმართ ძალადობის ფარული და ტაბუირებული ფაქტების გამოვლენა,
დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
• მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალებისთვის არაძალადობრივი
გარემოს შესაქმნელად;
• გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის სრულყოფა;
• საკანონმდებლო ინიციატივები;
• გენდერის ნიშნით ძალადობის დაფარული ფორმების აკადემიური კვლევა;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა მიმართ ძალადობის ყველა
ფორმის წინააღმდეგ;
• ქალთა იმ ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც სქესის გარდა სხვა ისეთი
ნიშნებით ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის რისკის ქვეშ, როგორებიცაა
გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ეთნიკური წარმომავლობა,
რელიგიური მრწამსი, შეზღუდული შესაძლებლობები, პოსტ-კონფლიქტურ
ადგილებში ცხოვრება, პატიმრობაში ყოფნა, სექს-ინდუსტრიაში ჩართულობა, თუ სხვა.
საგრანტო კონკურსში „ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დაძლევა"მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
• ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც
ხელმძღვანელობენ ქალები;
• ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
• ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე
რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან
დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროქტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს და ახალგაზრდა ქალების ინიციატივებს.
საგრანტო თანხა განსაზღვრულია1000-დან 3000 გირვანქა სტერლინგამდე.პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან 10 თებერვლიდან 1 მარტამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.
განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 9 მარტი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2014 წლის მარტის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:
სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,
მე-4 სადარბაზო, I სართული,
ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ: +995 322 470702
ფაქსი: +995 322 399998
ელ.ფოსტა: ana@womenfundgeorgia.org
წყარო:womenfundgeorgia.org