ტრენინგ-სემინარების ციკლი: "შეინახე ისტორია" საბჭოთა წაერსულით დაინტერესებული მკვლევარებისთვის.
"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს (HBS) საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საბჭოთა წარსულის გააზრებას. ქვეყნის ტოტალიტარულ წარსულზე მსჯელობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და ლიბერალური ღირებულებების მხარდაჭერისათვის. სწორედ ამიტომ, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" ყურადღებას უთმობს უახლესი ისტორიის მიმართულებით კვლევების და შესაბამისი ცოდნა-უნარების მხარდაჭერას.
"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალთან" თანამშრომლობით, ახალგაზრდა ისტორიკოსებს, სოციოლოგებს, ჟურნალისტებს, ფსიქოლოგებს და პოლიტოლოგებს, ასევე, უახლესი ისტორიის კვლევის სფეროში მოღვაწე ან მსგავსი საქმიანობით დაინტერესებულ სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს სამ ეტაპიან სასემინარო ციკლს. სასწავლო კურსის მიზანია ზეპირი ისტორიების კვლევითი მეთოდიკის დაუფლება. სწავლების შედეგად მონაწილეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ კვლევითი პროექტების ინიცირება და განხორციელება, რომლებიც ქვეყნის მეოცე საუკუნის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ სხვადასხვა საზოგადოებრივი და ასაკობრივი ჯგუფების მეხსიერების ფიქსაციის და შენარჩუნების საშუალებას მოგვცემენ. სემინარების ციკლის დასასრულს გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი.
სემინარებს ჩაატარებენ საერთაშორისო საზოგადოება მემორიალის მკვლევარი ისტორიკოსები და არქივისტები: ირინა შერბაკოვა (საზოგადოება მემორიალის საგანმანათლებლო პროგრამების და ზეპირი ისტორიების ცენტრის ხელმძღვანელი), ალიონა კოზლოვა (საზოგადოება მემორიალის არქივის დირექტორი და ზეპირი ისტორიების ცენტრის თანამშრომელი) და ირინა ოსტროვსკაია (საზოგადოება მემორიალის არქივის და ზეპირი ისტორიების ცენტრის თანამშრომელი).
სემინარებში მონაწილეობის მისაღებად სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სემინარის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან თარგმანით (თარგმანის საჭიროება უნდა დაფიქსირდეს ფონდისთვის გამოგზავნილ განაცხადში).
სემინარები ჩატარდება 3 ეტაპად, ა.წ. 11-12 აპრილს, 19-20 ივნისს და 10-11 ნოემბერს. მონაწილეთა მინიმალური ასაკია 19 წელი.
ტრენინგ-სემინარების ციკლში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხი ისტორიული, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი;
** სასურველია კვლევით ინსტიტუციებში (სახელმწიფო, კომერციულ ან არასამთავრობო ორგანიზაციაში) ან მედიაში ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა ა.წ. 28 თებერვლამდე უნდა გამოგზავნონ:
** ავტობიოგრაფია - CV;
** სამოტივაციო წერილი, რომელიც შემდეგ კითხვებს უნდა პასუხობდეს: რატომ მაინტერესებს ტრენინგში მონაწილეობა? რა ვიცი თემის შესახებ? და როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას?
** სარეკომენდაციო წერილი.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@ge.boell.org და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: ტრენინგი "შეინახე ისტორია".
წყარო: jobs.ge