არასამთავრობო ორგანიზაცია "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" პროექტის - "საქართველოს ხელშეწყობა სათანადო და დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაში" ფარგლებში, იწვევს ორგანიზაციებსა და ინდივიდთა ჯგუფებს კვლევით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
პროექტი "საქართველოს ხელშეწყობა სათანადო და დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაში" ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს: (1) საქართველოში იმიგრაციის შესახებ არსებული მდგომარეობის შესწავლას და (2) საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ერთის მხრივ, კვლევის შედეგების საფუძველზე, დაინახოს არსებული საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის შედეგები და მიიღოს შესაბამისი ზომები/გადაწყვეტილბები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის განსაზღვრის მეთოდოლოგიის გამოყენებით, მიიღოს კონკრეტულ ფაქტებზე/მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მომავალში.
ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლისათვის:
საქართველო ისწრაფვის ევროპაში ინტერგაციისა და ევროპული სტილის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისაკენ.
1996 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში; 2004 წლის ივნისში, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის შესახებ, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას; 2010 წლის 16 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო "პარტნიორობა მობილურობისათვის" ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობა; 2010 წლის 15 ივლისს დაიწყო და 2013 წლის ივლისში დასრულდა ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, 2013 წლის 28 ნოემბერს კი, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა; ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" (DCFTA), რომელზეც მოლაპარაკებები 2012 წლის 28 თებერვალს გაიხსნა და ასევე 2013 წლის ივლისში დასრულდა; 2011 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა შეთანხმებები "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ" და "ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ"; 2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გადაცემით დასრულდა.
დაწყებული პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის/დასრულებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიზაციის პროცესის, ასევე მიგრაციის სფეროში მიმდინარე რეფორმების გაგრძელება; საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის მომავალ თანამშრომლობაზე.
საქართველო განვითარების პროცესში მყოფი ქვეყანაა, რომელიც გარკვეული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტემპით ზრდას. ამისათვის კი, უცხოური კაპიტალის შემოდინება და ტურიზმის განვითარება, ასევე "ინტელექტის ცირკულაცია" (brain circulation), მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, სათანადო და კარგად დაბალანსებული საიმიგრაციო პოლიტიკა და მისი ეფექტური მართვა პრიორიტეტული საკითხია ქვეყნისათვის. 2011 წლამდე, საიმიგრაციო პოლიტიკა და მისი მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ სისუსტედ იყო მიჩნეული. მთავრობა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ამ საკითხს და შესაბამისად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე პარტნიორებისათვისაც, აღნიშნული საკითხი მიჩნეული იყო როგორც მთავრობისათვის არა-პრიორიტეტული და მეორეხერისხოვანი საკითხი.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი 118 ქვეყანასთან, ხოლო უმრავლესობა ქვეყნებისათვის არსებული სავიზო პროცედურები ძალიან მარტივია, ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებით კი, უბრალოდ ფორმალობაა.
როგორც წესი, გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით მიიღებოდა ზოგადი ხედვების, თეორიულ ცოდნისა და ვარაუდების საფუძველზე. წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგების შესწავლა-შეფასება, ქვეყნის საჭიროებების, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური დასოციალური გამოწვევების ანალიზი არ მომხდარა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს შესაბამისი კვლევის გამოცდილება - რა ზემოქმედება აქვს საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკას ეკონომიკურ ზრდაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა ან დემოგრაფიულ მდგომარეობაზე სახელმწიფოში.
კვლევის მიზანი:
კვლევის მიზანია საქართველოში იმიგრაციის არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, რომელიც გამოყენებული იქნება საქართველოს იმიგრაციის პოლიტიკის ანალიზის პროცესში. შესწავლილი და გაანალიზებული უნდა იყოს იმიგრანტთა მზარდი ჯგუფები, იმიგრაციის მიზეზები, განმაპირობებელი ფაქტორები, იმიგრაციის სოციო-ეკონომიკური მახასიათებლები.
შესწავლილი უნდა იქნეს იმიგრანტთა მინიმუმ 3 რაოდენობრივად მზარდი ჯგუფი; მათშორის, ერთ-ერთი ჯგუფი უნდა იყოს ინდოეთიდან იმიგრირებული პირები. ამასთანავე, კვლევა უნდა გაცდეს თბილისის საზღვრებს და მოიცვას რეგიონები, მათ შორის იმიგრანტთა შესაბამისი ჯგუფების კომპაქტური ჩასახლების ადგილები.
განაცხადში დასაბუთებული უნდა იყოს იმიგრანტთა ჯგუფებისა და კვლევის ჩატარების ადგილის შერჩევის პრინციპი.
კვლევის მეთოდოლოგია:
განმცხადებელმა უნდა შეარჩიოს ის მეთოდოლოგია, რომლიც მიზანშეწონილია კვლევის მიზნის მისაღწევად. სატენდერო განაცხადში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შერჩეული მეთოდოლოგიის აღწერა და ამ მეთოდოლოგიის შერჩევის დასაბუთება.
ვადები და ანგარიშგება:
კვლევითი პროექტის განხორციელება დაიწყება ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის ან ინდივიდთა ჯგუფის შეტყობინების დღიდან. კვლევის განხორციელებისა და ანგარიშის წარმოდგენისთვის შემსრულებელს აქვს 6 თვე. კვლევის დაწყების სავარაუდო თარიღია 2014 წლის 5 მარტი.
შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორი ანგარიში: წინასწარი ანგარიშის (რომელშიც მოცემული უნდა იყოს კვლევის წინასწარი შედეგები) წარდგენის ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-3 თვის ბოლო დღე, ხოლო კვლევის შედეგებისა და საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის ბოლო დღე. კვლევის განმახორციელებელმა ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან უნდა შეათანხმოს გამოკითხვის ანკეტა/კითხვარი. ცენტრმა შეიძლება კვლევის განმახორციელებლისაგან პერიოდულად მოითხოვოს მოკლე წერილობითი ანგარიში კვლევის მიმდინარეობის შესახებ. შემსრულებელმა კვლევის განხორციელების პროცესში მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს პროექტის გუნდთან და პროექტის ფარგლებში დაქირავებულ საერთაშორისო ექსპერტთან.
განახცადის მიღება:
განმცხადებელს უნდა გააჩნდეს მიგრაციის სფეროში კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, მათშორის, სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით და კვლევის განხორციელებისათვის საკმარისი ადამიანური რესურსები.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო განაცხადი შემდეგი ფორმით:
** ინფორმაცია ორგანიზაციის/ინდივიდთა ჯგუფის შესახებ (დასახელება, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, შესაბამისი პუბლიკაციების/ბმულების მითითებით, ინფორმაცია ორგანიზაციის/ჯგუფის ადამიანური რესურსების შესახებ, ასევე რეგიონებში წარმომადგენლობების შესახებ (ასეთის არსებობისას));
** კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა და ამ მეთოდოლოგიის შერჩევის დასაბუთება; შესწავლილი ჯგუფების შესახებ ინფორმაცია, კვლევის ჩატარების გეოგრაფიული არეალი (კონკრეტული ქალაქი, რეგიონი, რაიონი, სოფელი), ასევე დასაბუთება შესასწავლი ჯგუფისა და კვლევის არეალის შერჩევის შესახებ; (არაუმეტეს 1500 სიტყვისა);
** კვლევის განხორციელების განრიგი თვეების მიხედვით;
** კვლევის ბიუჯეტი (ბიუჯეტი მოცემული უნდა იყოს ლარში).
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 27 თებერვალი. განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე info@irc.ge ელექტრონული გზავნილის სათაურში ("subject") მიუთითეთ - "Immigration Study".
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ყველა განმცხადებელს გადაეგზავნება ინფორმაცია მისი შედეგის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რამდენიმე შერჩეული განმცხადებელი შეიძლება მოწვეული იქნეს გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში, პროექტის დირექტორს - ნატო გაგნიძეს, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - n.gagnidze@irc.ge ან ტელ: 255 20 01/02
წყარო: jobs.ge