en
ge

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება

კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" BP-სა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად.
კონკურსების მიზანია, პოპულარიზება გაუწიოს მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების (ენერგოეფექტური, განახლებადი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიები) გამოყენებასა და დანერგვას საზოგადოების ფართო ფენებში. საკონკურსო რეპორტაჟის თემა:
- განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე, ქარი, წყალი, ბიომასა, გეოთერმია) გამოყენება;
- ენერგოდამზოგი ღონისძიებებისა (შენობის დათბუნება, კარ-ფანჯრის შეცვლა/დათბუნება, ენერგოდამზოგი ნათურები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვა) და ეკოლოგიურად სუფთა ენერგოტექნოლოგიების დანერგვა.
კონკურსი "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟის შესარჩევად - ჟურნალისტების მონაწილეობის პირობაა ტელე-რადიო რეპორტაჟის მომზადება და მისი ცენტრალურ/რაიონულ ტელე ან რადიოკომპანიაში გამოქვეყნება 2014 წლის პირველი იანვრიდან ამავე წლის 31 მაისამდე პერიოდში.
კონკურსის მსველელობის დროს თბილისსა და პროექტში მონაწილე სხვა თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მათთვის იმუშავებს ვირტუალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო შემეცნებითი ხასიათის ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების საკითხებზე.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა სამი (პირველი, მეორე და მესამე) პრემია.
ჟურნალისტებმა ნამუშევრები უნდა გააგზავნონ კავშირის "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს მისამართზე. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ივნისი.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე ნებისმიერი სახის მასალა რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსში მონაწილე ტელე-რადიო რეპორტაჟი ნამდვილად გადაიცა კონკრეტული საინფორმაციო საშუალების ეთერით და არ წარმოადგენს გამოუქვეყნებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს.
გამარჯვებულ ნამუშევრებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება პროფესიონალ ჟურნალისტთაგან, ასევე მდგრადი ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოვება მოხდება მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გაიმართება ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, როგორც მისი ოფიციალური ღონისძიება.
დაწვრილებითი ინფორმაცია და სათანადო საცნობარო მასალა იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.eecgeo.org.
წყარო: media.ge