en
ge

კონკურსი სურსათის უვნებლობის სპეციალისტებისათვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 16.04.2014
  • ბოლო ვადა: 08.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72521/-
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს სპეციალისტებს სურსათის საწარმოების შესამოწმებლად სურსათის უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან მიმართებაში.
საწარმოები მონაწილეობენ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო" (გთხოვთ, გაეცნოთ საკონკურსო განცხადებას, იხილეთ დანართი 1). კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - "ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში".
პროექტის შესახებ:
2013 წლის 1 ოქტომბრიდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვაში მომხმარებელთა გააქტიურებას სურსათის ხარისხისა და უვნებლობის გასაკონტროლებლად. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს სასურსათო ბაზრის მონიტორინგი და სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება. ყოველწლიურად შეისწავლება სახელმწიფოს საქმიანობა სურსათის უვნებლობის რეგულირებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით. მოპოვებული ინფორმაცია გავრცელდება მასმედიის საშუალებით და, გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით, ჩატარდება საჯარო განხილვები. მომხმარებლებს გაეწევათ უსასყიდლო იურიდიული დახმარება და, სასამართლოში მიმართვის შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მათი საქმიანობის გაფართოებასა და ხელისუფლების წინაშე საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირებაში. პროექტის კიდევ ერთი მიმართულებაა დიალოგის ხელშეწყობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სურსათის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, რათა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან ერთად, სურსათის უვნებლობის რეგულირების პროცესში, მეწარმეთა ლეგიტიმური ინტერესებიც გათვალისწინებულ იქნას. გარდა ამისა, სურსათის ხარისხზე ორიენტირებული ბიზნესის პრაქტიკის სტიმულირებისათვის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ყოველწლიურად, სპეციალური კონკურსის გზით, გამოავლენს იმ საწარმოებს, რომლებიც ყველაზე ხარისხიან სურსათს აწვდიან მომხმარებელს.
მოცემულ პროექტში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პარტნიორები არიან მოლდოვას აღმოსავლეთ ევროპის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე.
სპეციალისტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები 2014 წლის მანძილზე სპეციალისტებმა უნდა განახორციელონ იმ საწარმოთა ინსპექტირება, რომლებიც მონაწილეობენ კონკურსში "2014 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო" (კონკურსში მონაწილე საწარმოების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 2-ში). სულ უნდა განხორციელდეს 3 გაუფრთხილებელი ინსპექტირება წლის ბოლომდე. სპეციალისტებმა, ასევე, უნდა აიღონ ამ საწარმოთა მიერ რეალიზაციისათვის განკუთვნილი სურსათის ნიმუშები და მიაწოდონ შესაბამის ლაბორატორიას ანალიზების ჩასატარებლად. ეს, ასევე, გულისხმობს ლაბორატორიული შემოწმების პარამეტრების განსაზღვრას. წლის განმავლობაში 3 სხვადასხვა სასურსათო პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება უნდა მოხდეს. თითოეული ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალისტმა უნდა მოამზადოს დასკვნა. საწარმოთა შეფასება უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი უვნებლობის, სტანდარტიზაციისა და ეტიკეტირების მოთხოვნებთან მიმართებაში.
ინსპექტირებისა და ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მკაცრად კონფიდენციალური უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით სპეციალისტს განსხვავებული ვალდებულებები ეკისრება.
ვის შეუძლია განაცხადების წარმოდგენა?
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ფონდი სპეციალისტების კანდიდატურებად ვერ მიიღებს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო დაწესებულებებს, მათ შორის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, თუ სახელმწიფო, მათ შორის ადგილობრივი, ხელისუფლების მიერ შექმნილ არაკომერციულ ორგანიზაციებს და იქ დასაქმებულ პირებს, და/ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირებს. შემოთავაზებულ სპეციალისტებს არ უნდა ჰქონდეთ ინტერესთა შეუთავსებლობა იმ საწარმოთა მიმართ, რომლებსაც შეამოწმებენ.
შერჩევის პროცესი:
წარმოდგენილ განაცხადებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მენეჯმენტი, პროგრამის თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული ექსპერტები განიხილავენ. განხილვის პროცესში განმცხადებელს შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მოეთხოვოს. ამისათვის მას 3 სამუშაო დღე მიეცემა.
შერჩევის კრიტერიუმები:
განაცხადების შესაფასებლად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენება:
** წინამდებარე "მოწვევის" პირობებთან შესაბამისობა;
** სპეციალისტის კვალიფიკაცია და გამოცდილება;
** მომსახურების ბიუჯეტის ხარჯთეფექტიანობა.
განაცხადების წარდგენის პროცედურები:
განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინონ (ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე):
** სპეციალისტების კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების დეტალური აღწერილობა (მათ შორის იმ საწარმოთა ჩამონათვალი, რომელთათვისაც სპეციალისტს მომსახურება აქვს გაწეული და 3 რეკომენდატორი);
** იმ საწარმოთა სია, რომლის შემოწმებასაც თითოეული სპეციალისტი სთავაზობს ფონდს;
** სპეციალისტის მომსახურებისათვის შემოთავაზებული ბიუჯეტი (რომელიც უნდა მოიცავდეს სპეციალისტის შრომის ანაზღაურებასა და მგზავრობის ხარჯებს). ლაბორატორიული შემოწმებების ხარჯებს უშუალოდ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი დაფარავს.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. გზავნილის საგნის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: "განაცხადი სურსათის საწარმოთა შესამოწმებლად."
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 8 მაისი.
განმცხადებლები ფონდისაგან წერილობით პასუხებს მიიღებენ არაუგვიანეს 2014 წ. 9 ივნისისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული
ტელ.: 225 39 42/43, ვებ-გვერდი: http://www.epfound.ge
საკონტაქტო პირი: ვახტანგ კობალაძე, პროგრამის უფროსი მენეჯერი
ელ-ფოსტა: vkobaladze@epfound.ge
წყარო: jobs.ge