გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აცხადებს კონკურსს „Green Talents – International Forum for High-Potentials in Sustainable Development". ახალგაზრდა მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ შესაძლებლობა, 25 საკონკურსო ადგილიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად შეიტანონ განაცხადები 2015 წლის 2 ივნისამდე.
კონკურსი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება და რომელსაც პატრონაჟს უწევს ფედერალური მინისტრი პროფესორი ვანკა, განკუთვნილია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, რომლებიც მდგრადი განვითარების სფეროში მოღვაწეობენ. კონკურსის გამარჯვებულები ჯილდოს სახით პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ ორკვირიან სამეცნიერო ფორუმში გერმანიაში, რომლის ფარგლებშიც ისინი მოინახულებენ გერმანიის მდგრადი განვითარების კვლევის მნიშვნელოვან ობიექტებს, მიიღებენ ინფორმაციას ჩვენი კვლევითი გარემოს შესახებ და პირადად შეხვდებიან გერმანელ ექსპერტებს. ეს მოგზაურობა საფუძველს ჩაუყრის ჯილდოს მეორე ნაწილს - სტიპენდიას, რომლითაც სრულად დაფინანსდება სამ თვემდე კვლევითი საქმიანობა გერმანიაში.
წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში