ასოციაცია ჰერა XXI იწვევს ახალგაზრდა აქტივისტებს ახალგაზრდული კამპანიის დასაგეგმავ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ასოციაცია ჰერა XXI მხარს უჭერს მოხალისეობისა და ახალგაზრდული აქტივიზმის განვითარებას საქართველოში. ამ მიზნით, პროექტის "ძლიერი მოხალისეები” ფარგლებში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ჰერა XXI-ს ინიციატივით იგეგმება ახალგაზრდული კვირეული საქართველოს ექვს რეგიონში: თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და კახეთში.
გაეროს ინიციატივით მსოფლიო 1999 წლიდან ყოველ 12 აგვისტოს აღნიშნავს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს. ამ დღის მიზანია ახალგაზრდების წახალისება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად თავიანთ ქვეყნებში ახალგაზრდების მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამ დღეს ახალგაზრდები ირჩევენ თემებს, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი პოზიცია კულტურული კლიშეებისა და იმ სტერეოტიპების მიმართ, რომლებიც საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს და ზღუდავს.
ასოციაცია დააფინანსებს ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდობის ჩართულობისაკენ და რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.
კამპანიის ჩატარების პერიოდია 7-15 აგვისტო, 2017 წელი
კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი აქტივობები:
- საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია
- ახალგაზრდული მსვლელობა
- პრომო-აქცია
- ფლეშმობი
- სოციალური მედია-კამპანია
- გამოფენა
- სხვა ახალგაზრდული აქტივობები
კამპანიის სამიზნე ჯგუფია:
- 15-18 წლამდე ახალგაზრდები
- 18-22 წლამდე ახალგაზრდები
უპირატესობა მიენიჭება ხარჯთეფექტურ, ინოვაციურ კამპანიებს, რომელიც აერთიანებს ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტ აქტივობას და გათვლილია სხვადასხვა ჯგუფზე.
კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის მიერ გაცემული თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულია 400 ლარი.
თუ განაცხადი ითვალისწინებს 3-ზე მეტ აქტივობასა და სხვადასხვა ტერიტორიული არეალის დაფარვას, შესაძლებელია მოთხოვნილი თანხა აჭარბებდეს ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულ ლიმიტს.
საპროექტო განაცხადების წარდგენის პროცედურა:
საკონკურსო განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით ქვემოთ მითითებულ მისამართზე: moxalisehera@gmail.com
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საინიციატივო ჯგუფებს:
- 15-25 წლამდე ახალგაზრდებს
- სტუდენტებს
- ასოციაცია ”ჰერა XXI”–ის მოხალისეებს
- ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებს
- კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა.
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- საკონკურსო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პროექტის ბიუჯეტი;
- იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები.
აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი მის მიერ უნდა იყოს მომზადებული. პლაგიატის შემთხვევაში აპლიკანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 3 ივლისი, 18:00 სთ.
შერჩეულ საინიციატივო ჯგუფებს დავუკავშირდებით 22 ივლისს.
დაინტერესებული ჯგუფებისთვის ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 26 ივნისს 15-დან 17 საათამდე. skype: Youth Coordinator