"ინტერნიუსი-საქართველო", ინტერნიუს ნეტვორქთან ერთად აცხადებს კონკურსს კიევში მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორიაში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიებაში, რომელიც პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" ფარგლებში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ჟურნალისტები და დეველოპერები.
სამდღიანი მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორია 2017წლის 16-18 ნოემბერს გაიმართება. საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონკურსის წესით შეირჩევა სამი მონაწილისგან შემდგარი ცხრა გუნდი (სამი გუნდი ქვეყნიდან, სულ 27 მონაწილე), რომლებიც წარმოადგენენ საპროექტო იდეებს დაფინანსების მოპოვების მიზნით. თითოეული ქვეყნიდან ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა დაფინანსდება 2000$ ოდენობის გრანტით. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ინტერნეტსივრცეში თამაშის (gamification) პრინციპებს და პრაქტიკას.
მულტიმედიური ინოვაციური ლაბორატორიის ფარგლებში ჟურნალისტური რედაქციების წარმომადგენლები ისეთ შაბლონებს და ინსტრუმენტებს შეიმუშავებენ, რომლებიც მულტიმედიური კონტენტის ეფექტურად გამოყენების და ინტერნეტაუდიტორიასთან ინტერაქციის საშუალებას იძლევა.
ლაბორატორიის ფარგლებში გაიმართება ვებგვერდის უნივერსალური შაბლონის პრეზენტაცია, რომელიც ღია კოდის კონტენტის მართვის სისტემაზეა (cms) აგებული და შექმნილია მცირებიუჯეტიანი ადგილობრივი მედია საშუალებებისთვის. ვებგვერდის შაბლონი მედიაორგანიზაციებს უფასოდ გადაეცემათ.