"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის მონაწილეთა მიღებას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.transparency.ge
ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ორგანიზებით წელს პირველად ტარდება. სკოლის მიზანია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს გაუღრმავოს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათი ანგარიშვალდებულების შესახებ. სკოლაში მოწვეული სპიკერები წარმოადგენენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წამყვან ორგანიზაციებში დასაქმებულ პროფესიონალებს, რომელთაც აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნული საკითხების შესახებ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გეგმავს საზაფხულო სკოლა იქცეს არაფორმალური განათლების მნიშვნელოვან პლატფორმად, რომლის მონაწილეებიც შეძლებენ სამომავლოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში სემინარები ჩატარდება ქალაქ ბათუმში, 2018 წლის 19-22 ივლისს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის, ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზაცია.
წყარო:jobs.ge