en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ასოციაცია გენეზისი
  • დაწყების თარიღი: 10.04.2013
  • ბოლო ვადა: 15.05.2013
ასოციაცია "გენეზისი" აცხადებს კონკურსს სოციალური სფეროთი დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის, თემაზე: "ზრუნვიდან გამოსული მოზარდები და ახალგაზრდები - სად მიდიან და რისი იმედით ცხოვრობენ ისინი?!"
კონკურსი მიზნად ისახავს მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებზე და ახალგაზრდებზე ფართო საზოგადოების ინფორმირებას მედიის საშუალებებით, კერძოდ, ზრუნვიდან (ე.წ. ბავშვთა სახლებიდან) გამოსვლის შემდეგ მათი სოციალური და ეკონომიური პირობების ასახვას: საცხოვრებლის, განათლების და დასაქმების პერსპექტივებს/უპერსპექტივობას, არსებულ სოციალურ უფლებებს, საზოგადოებაში მათთან დაკავშირებული სოციალური სტიგმის ხარისხს და ამ ახალგაზრდების მიმართ დამსაქმებლების დამოკიდებულებას.
კონკურსი ტარდება ასოციაცია "გენეზისის" "The Johanniter"-ის და "JURA Foundation"-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის: "ეკონომიური დამოუკიდებლობის და სოციალური ჩართულობის გაუმჯობესება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში მყოფი და ინსტიტუციონალური ზრუნვიდან გამოსული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში.
ასოციაცია "გენეზისის" პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და ზრუნვიდან უკვე გამოსულ 16-23 წლის ასაკის მოზარდებსა და ახალგაზრდებს საბაზისო შრომითი და სოციალური უნარების ათვისებაში, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციფიური პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენაში, აამაღლოს დამსაქმებლების კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობა და ხიდი გაუდოს ამ ახალგაზრდებს ზრუნვის სისტემიდან დასაქმებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ. სოციალური სფეროს სხვა არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, აგრეთვე, განზრახულია მათი გადარჩენისათვის აუცილებელი სოციალური უფლებების მოპოვებასა და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
ჟურნალისტური კვლევის/სტატიის ფორმატი თავისუფალია. სასურველია, იგი მოიცავდეს ძირითად დოკუმენტურ ინფორმაციას და ფაქტებს, ახალგაზრდების ისტორიებს, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისათვის უნდა მიმართონ ასოციაციას "გენეზისი" 2013 წლის 20 აპრილამდე.
მისამართი: თბილისი, ზუგდიდის. ქ. 3 ტელ. 2 911922, 2 348951 ელექტრონული მისამართი: meri@genesis.ge საკონტაქტო პირი: მერი ჩანჩიბაძე
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2013 წლის 15 მაისი.
ასოციაცია "გენეზისის" საპრიზო ფონდი შეადგენს 1400 ლარს.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული ჟურნალისტური კვლევა/სტატია, რომლისთვისაც სტატიის ავტორებს ჯილდოს სახით გადაეცემა: პირველი ადგილზე გასული საუკეთესო სტატიისათვის - 700 ლარი, მეორე ადგილისათვის - 400 ლარი, მესამე ადგილისათვის - 300 ლარი.
ასოციაცია "გენეზისი" მოხარული იქნება ითანამშრომლოს კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებთან კონკურსის დასრულების შემდეგაც!ველით თქვენს გამოხმაურებას!