„საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი" (GCSD) არის არასამეწარმეო, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითადი მიზნებია: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობა; ეფექტიანი და დემოკრატიული მართვა და მდგრადი განვითარება. GCSD-ის საქმიანობა მოიცავს კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და საგანმანათლებლო პროექტების გახორციელებას.
2018 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივნისამდე ორგანიზაცია Project Harmony Inc.-ის მხარდაჭერითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის (GEC) დაფინანსებით ახორციელებს პროექტს - „ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერების ინიციატივა საქართველოში". პროექტის ფარგლებში GCSD-ის მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს რეგიონებში (აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და კახეთი) მცხოვრები საზოგადოების მედეგობის (resilience) გაზრდაში, ასევე სოციალური დიალოგის, კრიტიკული აზროვნებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში. აგრეთვე, პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის (ყველა ფორმის) რისკების შემცირება.
მოცემული დოკუმენტი შედგენილია ადგილობრივი არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და მუშაობენ აჭარის, გურიის ქვემო ქართლის და კახეთის (ახმეტის მუნიციპალიტეტი) რეგიონებში. საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეული თითოეული ორგანიზაცია მიიღებს გრანტს მაქსიმუმ $4,000-ის ოდენობით. ორგანიზაციები შეირჩევა პროექტის საბჭოს მიერ საგრანტო განაცხადსა და თანამშრომლების კვალიფიკაციაზე დაყრდნობით.
წყარო: jobs.ge