თბილისი. 4 ნოემბერს, „ღია საზოგადოება-საქართველომ" და „ციხეების კვლევების საერთაშორისო ცენტრმა" კვლევის პრეზენტაცია გამართეს. „საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა" 2003-2012 წლებს მოიცავს. „ანგარიში მოიცავს პატიმრებთან და ყოფილ პატიმრებთან ჩატარებული გამოკითხვის სრულიად ახალი, ემპირიული გამოკითხვის მონაცემებს… კვლევის პროცესში, პირდაპირი ინტერვიუების სახით იქნა გამოკითხული 1200 მსჯავრდებული, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.კვლევის შედეგები პასუხობს მთავარ კითხვებს: როდის დაიწყო, რამდენად გავრცელებული იყო და რამდენად სისტემური და ხშირი ხასიათი ჰქონდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო- ვიდეო დოკუმენტირებას, წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა გარკვეულ ციხეებში, თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს სამომავლოდ მსგავსი პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით და ზოგადად, ციხის მართვის საკითხებზე", ნათქვამია ფონდის ვებ-გვერდზე.
წყარო: osgf.ge