აჭარა. 5-6 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის საკრებულოს და მასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, ბათუმის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მუნიციპალიტეტის 13 ტერიოტრიულ ერთეულში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, მერის რწმუნებულებთან და დეპუტატებთან ერთად ადგილობრივებს საზოგადოებრივი დარბაზების მუშაობის პრინციპი გააცნეს. ასევე, აცნობეს, რომ 20 ნოემბრამდე ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, თავისი საცხოვრებლების მიხედვით, გამგეობაში მოითხოვოს განაცხადის ფორმა და დარბაზის წევრად დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარბაზის წევრები აირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ავტომატურად გახდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 25 ნოემბრამდე საზოგადოებრივი, ბიზნეს და მედია ორგანიზაციები გამართავენ შეხვედრას და საბჭოს წევრ ორ-ორ წარმომადგენელს დაასახელებენ. ნოემბრის ბოლოს კი, მუნიციპალიტეტის მმართველობაში, მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით, საქმიანობას საკრებულოსთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით გააგრძელებს.