თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ეხმაურება მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთში, სკოლის მოსწავლის გაუპატურების ფაქტთან დაკავშირებით. „მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებების ნაწილმა, ფაქტის გაშუქებისას მასალებში დაზარალებულის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გამოიყენა, რაც ლახავს მის უფლებებს. ჟურნალისტური ეთიკის ქართიის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის”, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჟურნალისტებს, მსგავსი ფაქტების გაშუქების შემთხვევაში გამოიჩინონ მეტი პროფესიული პასუხისმგებლობა!", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში