სამეგრელო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, მისიის გორის ოფისის წევრის რეი კუპერის ფოტო გამოფენა მოეწყო. სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ჯეკ სტივენს ბორგის განცხადებით, ფოტოები გადაღებულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, თუმცა, მისივე თქმით, ასეთივე ფოტოების გადაღება შეიძლებოდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. „პატრულირებისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხალხზე და ასევე იმ მდგომარეობაზე, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. ფოტოგამოფენის ავტორის რეი კუპერის მიერ გადაღებული ფოტოები სახელწოდებით, „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ" ასახავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიურ საქმიანობას" – აღნიშნა ჯეკ სტივენს ბორგმა.
ფოტოგრაფ რეი კუპერის თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ადამიანური სახეები ერთნაირია, თუმცა მას გადაღების შესაძლებლობა მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰქონდა. „გადასვლის უფლება რომ მქონოდა, დარწმუნებული ვარ ასეთივე ადამიანების პორტრეტებს გადავიღებდი" – განაცხადა ფოტოგრაფმა.