სამცხე–ჯავახეთი. 3 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია დაეხმაროს სკოლებს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებაში. პროგრამა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 480 სკოლასთან იმუშავებს. პროგრამაში რეგიონის 42 სკოლა ჩაერთვება.
პროგრამაში ჩართული სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.
ახალი სამოქალაქო განათლების პროგრამის – „მომავლის თაობა", განხორციელებას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 11 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იწყებს. ახალციხეში პროგრამის პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია.